ალექსეი ნავალნი

რუსეთში ნავალნის თანამოაზრეები დააკავეს და რეგიონალურ ოფისებში რეიდი მოაწყვეს

ალექსეი ნავალნი
The Telegraph

20 აპრილს რუსეთის პოლიციამ დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რამდენიმე თანამოაზრე დააკავა და ორ რეგიონალურ ოფისში, კნასნოდარში და ჩელიაბინსკში, რეიდი მოაწყო

OVD-Info-ს ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს ნავალნის 5 თანამოაზრე.  

18 აპრილს ნავალნი პოკროვის № 2 კოლონიიდან მსჯავრდადებულთა საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაიყვანეს. 

"ამჟამად ა. ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება, ყოველდღიურად მას სინჯავს ექიმი თერაპევტი. პაციენტის თანხმობით, მისთვის დანიშნულია ვიტამინების თერაპია". – ამბობს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური.

ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ ნავალნის სათანადო მკურნალობა ჯერ კიდევ არ მიუღია და 21 აპრილს პროტესტს გეგმავენ.

კოლონიაში ალექსეი ნავალნის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ნავალნი გულის შეტევის რისკის ქვეშ არის. ექიმები პოლიტიკოსის ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ნავალნისთან ექიმის დაშვებას ითხოვენ. ნავალნის ექიმის თქმით, პაციენტი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გარდაიცვალოს.

ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმილი აქცია არალეგალურია. მოსკოვის მერიის განცხადებით, პანდემიის გამო აქცია არ იქნება ავტორიზებული. ეკატერინბურგში თქვეს, რომ სამხედრო აღლუმის რეპეტიციის გამო ამ დღეს მოძრაობა დაიკეტება.

აქციის წინ, ნავალნის თანამოაზრემ კირა იარმიშმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. იარმიში ამბობს, რომ დიდმა პროტესტმა, შესაძლოა, ნავალნის სიცოცხლე გადაარჩინოს. "პუტინი მხოლოდ ქუჩის დიდ პროტესტზე რეაგირებს".

პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაყვანის შემდეგ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 31 მარტს მან შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსი ითხოვს, ზურგის ძლიერი ტკივილების და კიდურების დაბუჟების გამო შესაბამისი მკურნალობა მიიღოს და ექიმმა გასინჯოს. შიმშილობის შედეგად ალექსეი ნავალნიმ მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. პოკროვის კოლონიის ადმინისტრაცია პოლიტიკოსს იძულებით კვებით ემუქრება.

გასულ კვირას ნავალნის ადვოკატი, ოლგა მიხაილოვა ამბობდა, რომ  მკურნალობა, რომელიც ალექსეი ნავალნის კოლონიაში დაუნიშნეს, "არაეფექტიანია და შეიძლება მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს". კოლონიის ექიმებმა ალექსეი ნავალნის შეატყობინეს, რომ მას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) ხერხემლის ორი თიაქარი გამოუვლინდა, რაც იწვევს ზურგის ძლიერ ტკივილს და კიდურების დაბუჟებას.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფის, Amnesty International-ის ცნობით, რუსეთის მთავრობა, შესაძლოა, ნელა კლავს ნავალნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ისეთ პირობებშია, რაც წამებას უდრის და ამან, შესაძლოა, მისი ნელა სიკვდილიც გამოიწვიოს.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები