ალექსეი ნავალნი

რუსეთი VS ნავალნი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბრალდებებისა და განაჩენების ქრონოლოგია

ალექსეი ნავალნი
Interfax

16 თებერვალს პატიმრობაში გარდაიცვალა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. პოლიტიკოსი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19-წლიან სასჯელს იხდიდა, თუმცა ეს მისი პირველი ნასამართლობა და განაჩენი არ ყოფილა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის წლების განმავლობაში დევნიდა და სხვადასხვა არაკანონიერ აქტივობებში ადანაშაულებდა.

2011-2023 წლებში ნავალნის მსჯავრდებულთა სკამიდან თავის დაცვა 4-ჯერ მოუწია.

კიროვლესის საქმე

2011 წლის გაზაფხულზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ "საკუთრებისთვის ზიანის მიყენების" მუხლით საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, კიროვის გუბერნატორის, ნიკიტა ბელიხის მოადგილედ მუშაობისას ნავალნიმ "მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ხარჯზე" სახელმწიფო საწარმო კიროვლესის ადმინისტრაციას, სააქციო საზოგადოება ვიატის სატყეო კომპანიასთან წამგებიანი ხე-ტყის მიწოდების ხელშეკრულება დაადებინა. მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტმა საქმე "სხვისი მსხვილი ქონების მითვისების" მუხლით გადააკვალიფიცირა. სასამართლომ ნავალნის 5-წლიანი, ხოლო მის ბიზნესპარნიორ პიოტრ ოფიცეროვს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოგვიანებით სასჯელი პირობითი პატიმრობით შეიცვალა.

2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას დაირღვა ბრალდებული ნავალნისა და ოფიცეროვის უფლებები.

ივ როშეს საქმე

2012 წელს კომპანია ივ როშეს რუსულმა განყოფილების ხელმძღვანელმა, ბრუნო ლეპრუმ ნავალნი და მისი ძმა ოლეგი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

გამოძიების ვერსიით, 2008 წელს, ოლეგ ნავალნიმ, რომელიც იმ დროს რუსეთის ფოსტაში მუშაობდა ივ როშეს წარმომადგენლებს მოტყუებით, სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანიასთან წამგებიანი ხელშეკრულება დაადებინა. ივ როშეს ზარალმა კი, 26 მილიონი რუბლი შეადგინა. საგამოძიებო კომისიის აზრით თაღლითურ სქემას ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობდა. 

სასამართლომ ორივე ძმა დამნაშავედ ცნო, ალექსეის პირობით სასჯელი 3.5 წლით გაეზარდა, იგივე ვადით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა ოლეგს.

პირობითი სასჯელის შეცვლა

2021 წლის 17 იანვარს ნავალნი გერმანიაში მკურნალობის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. ჩამოსვლისთანავე ოპოზიციონერი ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს. მიზეზი ივ როშეს საქმეზე მისჯილი პირობითი პატიმრობის პირობების დარღვევა გახდა. 

2 თებერვალს სასამართლომ ნავალნის პირობითი სასჯელი საერთო რეჟიმის კოლონიაში 2 წლითა და 8 თვით პატიმრობით შეუცვალა.

თაღლითობის საქმე

2022 წლის 22 მარტს მოსკოვის სასამართლომ ნავალნი თაღლითობასა და სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დამნაშავედ ცნო. გამოძიების ვერსიით, ნავალნის იურიდიულმა წარმომადგენლებმა, შემოწირულობების სახით, 500 მილიონ რუბლზე მეტი შეაგროვეს, რომელიც ოპოზიციონერმა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. 2022 წლის აგვისტოში სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ექსტრემიზმის საქმე

2023 წლის აპრილში, ნავალნის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე აღიძრა – ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფუძნება, ექსტრემისტული საქმიანობის ფინანსირება, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მოქალაქეების უფლებების დარღვევას ემსახურება და ფულის გათეთრება. ყველა საქმე კორუფციასთან ბრძოლის ფონდს უკავშირდებოდა. გამოძიების თქმით ფონდი "ექსტრემისტულ საქმიანობას, საზოგადო უსაფრთხოების, რუსეთის ფედერაციის ერთიანობის ხელყოფას ემსახურებოდა". 2023 წლის აგვისტოში ნავალნი ყველა საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 19 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები