ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილამდე, აშშ მუშაობდა იმაზე, რომ პატიმართა გაცვლის შეთანხმების ნაწილი ისიც ყოფილიყო.
მიმდინარე წლის 26 თებერვალს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ირწმუნებოდა, რომ განიხილებოდა ალექსეი ნავალნის გერმანიის პატიმრობაში მყოფ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლა.
მოგვიანებით, ამერიკული გამოცემის, The New York Times-ის წყარომ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნის ვადიმ კრასიკოვში გაცვლაზე საუბარი მიმდინარეობდა. ჯეიკ სალივანი აშშ-ს პირველი ოფიციალური პირია, ვინც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთთან პატიმართა გაცვლაზე შეთანხმდა. შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა 12 ამერიკელი პოლიტპატიმარი, მათ შორის, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი, აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს, პოლ უელანი და რადიო თავისუფლების რუს-ამერიკელი ჟურნალისტი, ალსუ კურმაშევა გაათავისუფლა.
კრემლის კრიტიკოსსა და რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას, სავარაუდოდ, აშშ-ში გადაიყვანენ. კარა-მურზა დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა და მწვანე ბარათს ფლობს.
შეთანხმების დეტალები, რომელსაც კოორდინაციას აშშ-ს რამდენიმე სამთავრობო უწყება უწევდა, მათ შორის თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, გასაიდუმლოებული იყო, თუმცა გაცვლის შესახებ სპეკულაციები რამდენიმე ცნობილი რუსი პოლიტპატიმრის, მათ შორის, კარა-მურზას ციხიდან გადაყვანის შემდეგ გავრცელდა.





