ალექსეი ნავალნი

თბილისში პოლიციამ ნავალნის სამახსოვრო მიტინგი არ ჩაგვატარებინა – ორგანიზატორები

საქართველოში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერების თქმით, მათ პოლიციამ თბილისში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა. განცხადება ტელეგრამ არხ frame-ზე გამოქვეყნდა და შემდეგში საქართველოში მცხოვრები რუსების ტელეგრამ მედია Paper Kartuli-მაც გაავრცელა.

ტელეგრამ არხი frame-ის ცნობით, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება პუშკინის ბიუსტთან იგეგმებოდა, თუმცა მისი გადატანა საკუთარ სამუშაო სივრცეში მოუწიათ.

"პოლიციამ მაინც გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ალექსეის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგის წინა ადგილზე ჩატარება აეკრძალა. საქართველოში შეიცვალა კანონი, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მიტინგი მას არ არღვევდა, არ ვაპირებდით ქუჩის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად კი მსგავს ღონისძიებას შეტყობინებას არ სჭირდება, მაგრამ, რადგან პოლიციისგან მივიღეთ უარი, გვესმის, რომ მონაწილეებიდან ვიღაც შესაძლოა საფრთხეში ჩავაგდოთ, თუ შეკრებას არ გადავიტანთ.

სამწუხაროდ, როცა ასეთი ღონისძიებები მთელ მსოფლიოში ტარდება, როცა საერთაშორისო ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ ნავალნი მოკლეს პუტინის ბრძანებით ძლიერი შხამის გამოყენებით, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აკრძალული, საქართველოში არ სურთ ნება მოგვცენ ჩავატაროთ მიტინგი ან მისთვის მიძღვნილი პანაშვიდიც კი." - წერენ ორგანიზატორები.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება


2024 წლის 16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთში, პატიმრობაში გარდაიცვალა. პროექტი The Insider ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში წერდა, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს. 2026 წლის 14 თებერვალს დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების მთავრობებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ალექსეი ნავალნი ბაყაყის შხამით მოწამლეს. ხუთი ქვეყანა კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელსაც სცადეს. მაშინ ის საწამლავი ნოვიჩოკით მოწამლეს, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის 2020 წელს მოწამვლისა და შემდგომი დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები