Nord Stream 2

ბაიდენი Nord Stream 2-ის შესაძლო სანქციებზე: ამ საკითხს კვლავ განვიხილავთ

ჯო ბაიდენი

15 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ რატომ არ შეეხო სანქციები Nord Stream 2-ს, რაზეც პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა:

"Nord Stream 2 რთული საკითხია, რომელიც ევროპაში ყველა ჩვენს  მოკავშირეზე გავლენას ახდენს. დიდი ხანია, Nord Stream 2-ს ვეწინააღმდეგები, დასაწყისიდანვე, როცა ადმინისტრაციაში არ ვიყავი, ასევე იქამდეც, სანამ ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა დავტოვე. თუმცა, ამ საკითხს კვლავ განვიხილავთ".

15 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა

24 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ Nord Stream 2 ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გეგმებს ეწინააღმდეგება. მანამდე მანვე აღნიშნა, რომ NordStream-2 საფრთხეს უქმნის უკრაინის და პოლონეთის ეკონომიკურ და სტატეგიულ პოზიციას.


გაზპრომის გაზსადენი Nord Stream 2 ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორი ჯაჭვის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის ჯამური სიგრძეც 1 200 კილომეტრს, ხოლო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. ამ გაზსადენით გერმანია მიიღებს რუსულ გაზს ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიული წყლების გავლით. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა ამერიკულმა სანქციებმა, რის შემდეგაც სამუშაოების წარმმართველმა შვეიცარიულმა კომპანია AllSeas-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

აქედან ერთი წლის შემდეგ პროექტზე მუშაობა რუსულმა ხომალდებმა გააგრძელეს, ამ დროისთვის რამდენიმე რუსული სპეციალური გემის მეშვეობით უკვე გაყვანილია 2.6 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი.

აშშ გაზსადენის წინააღმდეგია. პირველ იანვარს კონგრესმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია და 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლოატაციაში ჩაშვების ყველა ეტაპზე მონაწილე ნებისმიერი კომპანიისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკული სანქციები ემუქრება კომპანიებს, რომლებიც პროექტის დაზღვევასა და სერტიფიცირებას მოინდომებენ. აქედან გამომდინარე, პროექტის ბედი კვლავაც ბუნდოვანია.

კომენტარები