Nord Stream 2

FT: კრემლთან დაახლოებული ყოფილი ჯაშუში Nord Stream 2-ის აღდგენის შესახებ აშშ-სთან ლობირებს

მათიას უარნიგი
Jens Büttner / dpa-Zentralbild / dpa

გამოცემა Financial Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ყოფილი ჯაშუში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მათიას უარნიგი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ლობირებს, რომ აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის აღდგენას მხარი დაუჭიროს. 

უარნიგი, რომელიც Nord Stream 2-ის მშობელ კომპანიას კრემლის მიერ კონტროლირებული ბუნებრივი აირის გიგანტი კომპანია Gazprom-ის სახელით 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა, გავრცელებული ცნობებით, ცდილობს, ამერიკელი ბიზნესმენების დახმარებით ტრამპის გუნდთან Nord Stream 2-თან დაკავშირებით კონტაქტი დაამყაროს. 

უარნიგის ძალისხმევა უკავშირდება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულებასა და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესახებ. 

Nord Stream 1 და 2 გაზსადენებია, რომლებიც რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გადის და ევროპას რუსულ ბუნებრივ აირს აწვდის. 

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები, რომლებსაც რუსეთი ფლობს სრულად, 5 ევროპული ენერგოკომპანიების მიერაა დაფინანსებული. 2022 წლის სექტემბერში აშკარა დივერსიული თავდასხმის შედეგად Nord Stream-ის 4 გაზსადენი მნიშვნელოვნად დაზიანდა. 

2022 წელს აშშ-მ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, მათიას უარნიგსა და კომპანია Nord Stream 2 AG-ს სანქციები დაუწესა. გაზსადენები ამჟამად არ ფუნქციონირებენ. 

როგორც Financial Times წერს, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც პროექტის აღდგენას უზრუნველყოფდა, თავდაპირველად ვაშინგტონის მიერ 2022 წლის სანქციების მოხსნას საჭიროებს. ამასთან, Nord Stream-ის პროექტის ამოქმედებისთვის საჭიროა გერმანიის თანხმობას, რომ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება განახლდეს. 

ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურად ესაუბრა გამოცემას, ამბობს, რომ ბერლინის მიერ Nord Stream 2-ის პროექტის აღდგენის პროცესში მონაწილეობა ევროკავშირთან, რომელიც კვლავაც ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, სავარაუდოდ, "დიდ განხეთქილებას გამოიწვევდა". 

რამდენიმე ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც ინფორმირებულები არიან Nord Stream-ზე აშშ-სა და რუსეთის სავარაუდო საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ, გამოცემას უთხრა, რომ ისინი "შეშფოთებულები არიან და საკითხზე უმსჯელიათ". 

კომენტარები