Nord Stream 2

იტალიაში სასამართლომ Nord Stream 2-ის დაზიანებაში ეჭვმიტანილის ექსტრადიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა

იტალიაში სასამართლომ Nord Stream 2-ის გაზსადენების დაზიანებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, სერგეი კ.-ს გერმანიაში ექსტრადირების მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

გამოცემა Reuters-თან საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა, ნიკოლა კანესტრინიმ თქვა, რომ მისი კლიენტი იტალიაში დარჩება, სანამ საქმეს უმაღლესი ინსტანცია, საკასაციო სასამართლო არ განიხილავს. 

"დაცვის მხარე იმეორებს, რომ არ შეჩერდება, სანამ სასამართლო საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების მხრივ ამ საქმის მნიშვნელობას სრულად არ განიხილავს". - თქვა კანესტრინიმ. 

სერგეი კ მიმდინარე წლის აგვისტოში, იტალიაში დააკავეს, სადაც ის ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. 

სექტემბერში ბოლონიის სასამართლომ ექსტრადირების მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა დაცვის მხარემ საქმე იტალიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ოქტომბრის შუა რიცხვებში საკასაციო სასამართლომ პროცედურული შეცდომების გამო ექსტრადირების პროცესი შეაჩერა და საქმე ბოლონიის სასამართლოს ხელახლა გაუგზავნა. 

გერმანიის პროკურატურის ცნობით, სერგეი კ. იმ ადამიანთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს, გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დამონტაჟეს.

გამოძიების ვერსიით, ის და მისი თანამზრახველები ბორნჰოლმისკენ გერმანიის ქალაქ როსტოკიდან, იალქნიანი იახტით გაემგზავრნენ, რომელიც გერმანული კომპანიისგან შუამავლების მეშვეობით, ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით იქირავეს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და უკრაინული მხარე მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში პოლონელმა მოსამართლემ Nord Stream-ის გაზსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის სხვა მოქალაქის გერმანიაში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის გაათავისუფლა.

მოსამართლემ, დარიუშ ლუბოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ გერმანულმა პროკურატურამ აფეთქებაში ეჭვმიტანილის, 45 წლის ვოლოდიმირ ჟურავლევის მონაწილეობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

გარდა ამისა, ლუბოვსკის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურატურის ვერსია მართალია, ჟურავლევის ქმედებები ტერორიზმად ან საბოტაჟად ვერ შეფასდება. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილის ქმედებები მაინც გამართლებული, სამართლიანი და რაციონალური იყო, რადგან უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სამართლიან თავდაცვით ომში არის ჩართული და რუსული გასზადენი ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენდა.

კომენტარები