Nord Stream 2

აშშ-მ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

Maxim Shemetov / Reuters

აშშ-მ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

სანქციები დაუწესეს გაზსადენის კომპანიასთან და რუსეთთან კავშირში მყოფ შპს ტრანსადრიასა და ორ გემს. ხომალდებიდან ერთ-ერთი ზემოხსენებულ კომპანიას ეკუთვნის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი განცხადებაში ამბობს, რომ აშშ აგრძელებს გერმანიასთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა შეამცირონ საფრთხე, რომელსაც გაზსადენის პროექტი უკრაინას, ასევე NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უქმნის. 

ვაშინგტონი ეწინააღმდეგება Nord Stream 2-ის გაზსადენის $11 მილიარდიან პროექტს, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გავა და გერმანიას რუსული ბუნებრივი აირით მოამარაგებს. აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ეშინია, რომ ეს პროექტი ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულს გახდის და ენერგოუსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. ჩრდილოეთის ნაკადი 2 საფრთხეს უქმნის უკრაინისა და პოლონეთის ინტერესებსაც.

აშშ-მ გაზსადენთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს აქამდეც არაერთი სანქცია დაუწესა. აშშ და გერმანია ამ წლის ივლისში მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ თუ რუსეთი ენერგორესურსს უკრაინის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებს, მის წინააღმდეგ იმოქმედებენ. 

გასულ კვირას გერმანიის ენერგორეგულატორმა გაზსადენის სერტიფიკაციის პროცესი დროებით შეაჩერა. პროცესის განახლებისთვის საჭიროა, გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად მილსადენის ოპერატორი კომპანიის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა უწყებამ დაადასტურა, რომ უკრაინული კომპანიები ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის სასერტიფიკაციო პროცესს ესწრებიან. როგორც პროცესზე დამსწრეებს, უკრაინის წარმომადგენლებს საკუთარი შეფასების გაკეთების უფლება აქვთ, თუმცა არ აქვთ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება. სასერტიფიკაციო პროცესში ასევე ჩართულია პოლონური კომპანია PGNiG-ი.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. 8 ნოემბერს გაზპრომმა გამოცხადა, რომ პროექტი გაშვებისთვის მზად არის. იმავე დღეს გერმანიაში მისი სერტიფიცირების პროცესის განხილვა დაიწყო. ექსპერტების შეფასებით პროცესი შეიძლება მაისამდე გაიწელოს, რადგან ის ევროკომისიამაც უნდა განიხილოს.

კომენტარები