ოჯახში ძალადობა

მერაბ შარიქაძე: ჩემი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს, ვგმობ ოჯახში ნებისმიერ ძალადობას

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩემი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს. რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, თავისთავად, მე პირადად და ყველა მორაგბე ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ოჯახში". – ამბობს მერაბ შარიქაძე.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ადანაშაულებს არაერთგზის ცემაში, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ამ ეტაპზე მაყაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა: ნინო კასრაძემ, რუსკა მაყაშვილმაანა სანაიამ, ანი ბებიამ, გრიგოლ ჟორდანიამ, ნატალია ყულოშვილმა, ლელა მებურიშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, თამთა ინაშვილმა; რეჟისორებმა დათა თავაძემ, ელენე მაცხონაშვილმა, მიშა ჩარკვიანმა და სხვებმა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუს მიცემიდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები