სამშვიდობო მისია ავღანეთში

ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან

თავდაცვის სამინისტრო

მტკიცე მხარდაჭერის საერთაშორისო მისიის ფარგლებში, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი სამხედროები მიემგზავრებიან. გაცილების ცერემონიალი ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონ „ალფას“ ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. 

„ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს სამხედრო მოსამსახურეების სამსახურითა და წვლილით, რომელიც მათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში შეაქვთ. საქართველო ასევე უნდა ამაყობდეს ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს პირველი კლასის რიგითი ყულჯანიშვილი გახდა. მეამაყება, რომ ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც მონაწილეობენ. ისინი ქართველ სამხედროებთან ერთად გადიან წვრთნას. უკვე შვიდი წელია ამერიკელი სამხედროები ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მხარდამხარ ასრულებენ მისიას. მქონდა შესაძლებლობა პირადად მენახა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამხედროები მზად არიან ავღანეთში მისიის შესასრულებლად“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონ „ალფას“ ასეული კი ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. მათი მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინის დაცვა იქნება.

კომენტარები