ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: 2021-2026 წლებში ეკონომიკა 34.5%-ით გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში ევროპაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 34.5%-ით, მეორე ადგილზეა მალტა 31.9%-ით, შემდეგ - მონტენეგრო 31%-ით.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 2021-2026 წლებში 52%-ით გაიზრდება და 2026 წელს 22 695 დოლარს მიაღწევს. ზრდის ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა". – აღნიშნავს  ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 15 709 საერთაშორისო დოლარი გახდება, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

აღნიშნულ ინფორმაციასა და მიხეილ დუნდუას კომენტარს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

IMF-ის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 5.8% იქნება, ხოლო 2023 წელს 5.5%.

მსოფლიო ბანკის თანახმად კი საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. თუმცა, გაუმჯობესების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ეკონომიკური შედეგები COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზები საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე.

კომენტარები