ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დამოკიდებულია ვაქცინაციაზე

WB

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ბიულეტენის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა  2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. თუმცა, გაუმჯობესების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ეკონომიკური შედეგები COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზები საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე.

"COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2%-იანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში.

პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე.

მათ შორისაა - გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა". – წერია ბიულეტენში.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულის დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე, ინვესტიციების შემოდინებასა და ინსტიტუციების გაძლიერებაზე.

"საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება COVID-19-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე". – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მეთორმეტე თვეა, საქართველოს ეკონომიკა მცირდება. თავდაპირველად, მთავრობა მშპ-ს 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს შემოღებული შეზღუდვების შემდეგ კლების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.

კომენტარები