კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-ზეა

"სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-ზეა, მეტზე არა". – ამბობს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და  ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა "უკვე სერიოზულია".

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 37 524 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა – გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.

ქვეყანაში 7 958 აქტიური შემთხვევიდან მძიმე პაციენტია 400,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 პირი იმყოფება. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,66%-ია, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის კი – 2,58%.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 468 პირმა გაიკეთა. 13 აპრილის დილის მონაცემებით, ჯამურად აცრილია 22 090 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.


საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

კომენტარები