ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: [ნაკლეფექტიანობაზე] განცხადება ეხებოდა სინოვაკს და არა სინოფარმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გუშინ, 11 აპრილს ჩინეთში გაკეთებული განცხადება ეხებოდა არა სინოფარმს, არამედ სინოვაკს.

"ის განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა, ეხებოდა არა სინოფარმს, არამედ მეორე ჩინურ ვაქცინას, სინოვაკს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში. ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს მეზობელ ორ ქვეყანაში - თურქეთსა და აზერბაიჯანში. სინოვაკს ასევე იყენებენ გარკვეული ქვეყნები ბალკანეთში, ასევე დიდი რაოდენობით ის შეისყიდა ბრაზილიამ, ჩილემ. და სწორედ ერთ-ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდნენ, როცა განცხადება გაკეთდა.

ეს განცხადება ეხებოდა ჩინეთის CDC-ის დირექტორის, ძალიან გამოცდილი მეცნიერის მიერ... მე მაქვს პატივი, მას ვიცნობდე პირადად, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი ყველა ვაქცინა, მათ შორის ახლა ჩინურზე გავაკეთეთ აქცენტი, გამოიყენებიან გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ანუ დღეს, რახან პანდემიაა ქვეყანაში.

მათი დაცვის ეფექტურობა არის სხვადასხვა. როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აძლევს გადაუდებელი გამოყენების ნებართვას, მას აქვს 50%-იანი ზღვარი დადებული. თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი ეფექტურობა, მაშინ მისი დაშვება შესაძლებელია, რადგან ის იცავს ყველა მეორე ადამიანს გართულებებისგან და რაც მთავარია სიკვდილიანობისგან".- ამბობს ამირან გამყრელიძე

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჩინური Sinopharm-ის 1 დოზა 18-20 დოლარი უჯდებათ, Pfizer-ი 11-12 დოლარად იყიდეს.

Sinopharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, 2020 წელს შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.  

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, გაო ფუს თანახმად, ჩინური ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს და განიხილება სხვადასხვა სტრატეგია ვაქცინების ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის ერთდროულად კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება. გაო ფუს თანახმად, საჭიროა ვაქცინების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გაოს სიტყვებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ mRNA-ტიპის ვაქცინაზე მუშაობა ჩინეთმაც დაიწყო.

Sinovac-ის ვაქცინამ გარკვეული კრიტიკა გამოიწვია, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სხვადასხვა კვლევაში მას სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს რომელიც 50%-იდან 80%-მდე მერყეობს. Sinovac-ის წარმომადგენელმა აღიარა, რომ გამოვლინდა ვაქცინას სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელი, რაც შესაძლოა კვლევებში მონაწილეთა სხვადასხვა ასაკით, ვირუსის სხვადასხვა შტამით ან სხვა ფაქტორებით აიხსნას. 

ბრაზილიაში ჩატარებულ კვლევებში Sinovac-ის ვაქცინამ 50.4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ჯანმოს აკრედიტაციისთვის მინიმუმ 50%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელია საჭიროა. თურქეთსა და ინდონეზიაში კი გვიანი ეტაპის კვლევების შუალედური შედეგების თანახმად ეფექტიანობის მაჩვენებელი 65%-91% მერყეობს.

უფრო ვრცლად:

კომენტარები