ვაქცინაცია

გამყრელიძე: ჩინური Sinopharm-ის 1 დოზა 18-20 დოლარი გვიჯდება, Pfizer-ი 11-12 დოლარად ვიყიდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, 3 აპრილს საქართველოში ჩინური ვაქცინების, სინოფარმის და სინოვაკის 100 000-100 000 დოზა შემოვა.

"ჩინეთს დღეს აქვს 5 ვაქცინა წარმოებაში, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში, ანუ, გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის სინოფარმი, რომელიც იყიდა ქვეყანამ და სინოვაკი, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს, 100 000-100 000 დოზა.

ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია უკვე, დაახლოებით, 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართოდ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიც არის არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სერბეთი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის, რასაც ჯანმო განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთი არის უნგრეთის მარეგულირებელი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის და ამ ორივე ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანმოს ავტორიზაციაზე.

წინასწარი ინფორმაციით, ადრეულ აპრილში უნდა განიხილონ და მისცეს ჯანმო-მ ავტორიზაცია, აქედან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქართველოში". - თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის განმარტებით, ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვაა და მსოფლიო ბაზარზე "ძალიან დიდი" დეფიციტია.

"ჩვენ ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვა არის ჩვეულებრივ საბაზრო ფასთან შედარებით, თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში გადავიხადეთ, ფაიზერიც ასევე კოვაქსის საშუალებით შემოვიდა არასაბაზრო ფასში, ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში. ეს ჩინური ვაქცინა სინოფარმი, რომელსაც ვყიდულობთ, უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებშია. მაგრამ ამავე დროს არის დონაცია სხვა ჩინური ვაქცინის, რომელიც უფასოდ ეძლევა ქვეყანას. ასევე თუ იქნება მეორე და მესამე მოწოდება, იქ გათვალისწინებული იქნება ეს ფასი და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ფასი არ იქნება დიდად განსხვავებული სხვა ჩვენ მიერ შეძენილი ვაქცინების ფასისაგან. ზოგადად ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების და არ არის ადვილი, რომ აარჩიო ფასის მიხედვით ვაქცინა“- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსზე იმუნიზაციის პროცესი ორი ვაქცინით - ფაიზერით და ასტრაზენეკათი მიმდინარეობს. ქვეყანაში ფაიზერის 28 200 და ასტრაზენეკას 43 000 დოზაა. აქედან აიცრა 8 000-მდე ადამიანი. საქართველოში ამის შემდეგ, უახლოს მომავალში ჩინური ვაქცინა შემოვა, რომელსაც არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, არც FDA-ს და არც ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს. ევროკავშირიდან მას მხოლოდ უნგრეთის მარეგულირებელი აღიარებს.

კომენტარები