ყირგიზეთი

ყირგიზეთში რეფერენდუმით პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას დაუჭირეს მხარი

სადირ ჯაფაროვი ხმას აძლევს რეფერენდუმში
Reuters

11 აპრილს ყირგიზეთში საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებისთვის რეფერენდუმი გაიმართა. შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში გაფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება და შემცირდება პარლამენტის უფლებამოსილება. პრეზიდენტი მიიღებს სრულ კონტროლს მთავრობაზე, მათ შორის მინისტრების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებას. ცვლილებების ფარგლებში იგეგმება პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირება 120-დან 90-მდე. 

ყირგიზეთის ცესკოს მონაცემებით რეფერენდუმზე 35.9%-იანი აქტიურობაა. ამ დროისთვის დამუშავებულია ხმების 89.97%. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 79.31%-მა დაუჭირა, ცვლილებების წინააღმდეგ ხმა 13.68% მისცა. საბოლოო შედეგები 10-15 დღის ვადაში გამოქვეყნდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს გაუადვილდება სასურველი პოლიტიკის გატარება. საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ყირგიზეთის პოლიტიკური სისტემა დაუახლოვდება მის მეზობელ ქვეყნებს, ყაზახეთსა და უზბეკეთს. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყირგიზეთმა მიიღო პოლიტიკური სისტემა, რომელიც პარლამენტსა და პრეზიდენტს მნიშვნელოვან და თითქმის თანასწორ უფლებამოსილებას ანიჭებდა. 

სადირ ჯაფაროვი და მისი მომხრეები თვლიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებით ქვეყანა უფრო სტაბილური გახდება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯაფაროვი ყირგიზეთში ყველაზე მაღალი ნდობის პოლიტიკოსია. გამოკითხვის მიხედვით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინ თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გასული წლის აგვისტოში, ჯაფაროვის წინამორბედის სოორპნბაი ჟეენბეკოვის პერიოდში მოსახლეობის 41% თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 2021 წლის თებერვალ-მარტში ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა.

სადირ ჯაფაროვი ყირგიზეთის პრეზიდენტად იანვარში აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმი ქვეყნის მმართველობის სისტემის ასარჩევად. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 81.18%-მა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაუჭირა მხარი.

იანვარში პოლიტიკური სისტემის შეცვლასა და საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას სადირ ჯაფაროვიც ემხრობოდა. ჯაფაროვის თანახმად, 30 წლის განმავლობაში ყირგიზეთ​ს უპასუხისმგებლო ელიტა მართავდა, რომელმაც განადგურებამდე მიიყვანა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პოტენციალი. 

ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ხელისუფლების ტიპის შეცვლით ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში მოხვდება. ოპოზიცია აქტიურად აკრიტიკებდა ჯაფაროვს და კრიმინალურ კლანებთან მის შესაძლო კავშირებზე საუბრობდა.

ჯაფაროვი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული აქციების ფონზე ციხიდან გაათავისუფლეს. ის სასჯელს გატაცებაში მონაწილეობისათვის იხდიდა. მის წინააღმდეგ არსებობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებაც, რასაც ჯაფაროვი უარყოფს. ის ამბობს, რომ 2017 წელს პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.

2020 წლის 4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. ქვეყნის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჟეენბეკოვმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე სადირ ჯაფაროვი დანიშნა. მოგვიანებით კი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ კი ჯაფაროვი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა.

2020 წლის 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ ვრცლად ტაბულას სტატიაში:

კომენტარები