ყირგიზეთი

წინასწარი შედეგებით, ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაფაროვი იმარჯვებს

სადირ ჯაფაროვი
EPA

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, არჩევნებში სადირ ჯაფაროვი თითქმის 80%-იანი უპირატესობით იმარჯვებს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 96.4%. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა 39.75% იყო.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ყირგიზეთში ქვეყნის მმართველობის სისტემის ასარჩევად რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 81.18%-მა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაუჭირა მხარი, მოსახლეობის აქტიურობა 39.88% იყო.

საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სადირ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მთავარი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა იქნება.

ყირგიზეთში პოლიტიკური სისტემის შეცვლასა და საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას სადირ ჯაფაროვიც ემხრობა. ჯაფაროვის თანახმად, 30 წლის განმავლობაში ყირგიზეთ​ს უპასუხისმგებლო ელიტა მართავდა, რომელმაც განადგურებამდე მიიყვანა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პოტენციალი. 

ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ხელისუფლების ტიპის შეცვლით ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში მოხვდება. ოპოზიცია აქტიურად აკრიტიკებს ჯაფაროვს და კრიმინალურ კლანებთან მის შესაძლო კავშირებზე საუბრობს.

ჯაფაროვი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული აქციების ფონზე ციხიდან გაათავისუფლეს. ის სასჯელს გატაცებაში მონაწილეობისათვის იხდიდა. მის წინააღმდეგ არსებობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებაც, რასაც ჯაფაროვი უარყოფს. ის ამბობს, რომ 2017 წელს პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.

2020 წლის 4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. ქვეყნის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჟეენბეკოვმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე სადირ ჯაფაროვი დანიშნა. მოგვიანებით კი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ კი ჯაფაროვი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა. თანამდებობა ჯაფაროვმა ნოემბერში დატოვა, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ეყარა კენჭი.

კომენტარები