ყირგიზეთი

ყირგიზეთში 12 აგვისტოდან მთაზე ჩარჩენილი რუსი მთამსვლელის სამაშველო სამუშაოები შეწყვიტეს

რუსი მთასვლელი, ნატაშა ნაგოვიცინა
east2west

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთში 47 წლის რუსი მთამსვლელის, ნატაშა ნაგოვიცინას სამაშველო სამუშაოები შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მან თითქმის ორი კვირის წინ ქვეყნის უმაღლეს მწვერვალთან ფეხი მოიტეხა. 

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ნაგოვიცინა 6 999 მეტრის სიმაღლეზე 12 აგვისტოს შემდეგაა ჩარჩენილი. რუსი მთამსვლელი ცნობილი ოთხი წლის წინ გახდა, როცა მან უარი თქვა ქმრის უკან დატოვებაზე, როცა მას 6 900 მეტრის სიმაღლეზე ინსულტი დაემართა. ნაგოვიცინას მცდელობების მიუხედავად, მისი ქმარი გარდაიცვალა. 

ჟენიშ-ჩოქუსუ, ასევე ცნობილი როგორც გამარჯვების პიკი, 7 439 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ტიან-შანის მთათა სისტემის ნაწილია. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ იტალიელი მთამსვლელი, ლუკა სინიგალია დაიღუპა, როცა ნაგოვიცინას გადარჩენის ცდილობდა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გამოცემამ, L’Unione Sarda-მ გაავრცელა. 

Daily Mail-ის ცნობით, სინიგალია ჰიპოთერმიით 15 აგვისტოს დაიღუპა მას შემდეგ, რაც მან ნაგოვიცინას ადგილამდე მიღწევა შეძლო და რუს მთამსვლელს კარავი, საძილე ტომარა, საკვები, წყალი და სალაშქრო გაზქურა გადასცა. 

ნაგოვიცინას გადარჩენის სხვა მცდელობები, მათ შორის მთაზე ასვლით და ორჯერ ვერტმფრენით, წარუმატებელი აღმოჩნდა. ძალისხმევის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა ავარიაც განიცადა, რის შედეგადაც ოთხი მგზავრი დაშავდა. 

მთის ხედი, სადაც რუსი მთამსვლელია ჩარჩენილი
Mash/e2w

რუსი მთამსვლელის გადარჩენის ბოლო მცდელობა ამინდის გაუარესების შემდეგ, დანიშნულების ადგილიდან დაახლოებით 900 მეტრის სიშორეზე, შეწყდა. 

The Times-ის ინფორმაციით, 19 აგვისტოს დრონის გადაფრენის შედეგად დადასტურდა, რომ ნაგოვიცინა ცოცხალი იყო, თუმცა 21 აგვისტოს დრონის ხელახლა გადაფრენისას მაშველებმა სიცოცხლის ნიშნები ვეღარ შენიშნეს. გავრცელებული ცნობებით, ამ პერიოდში ტემპერატურა -12°C-მდეც დავარდა. 

კომენტარები