მიანმარი

მიანმარში უშიშროების ძალებმა 80-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს

Reuters

მიანმარში უშიშროების ძალებმა ქალაქ ბაგოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ყუბარმტყორცნები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია და  მონიტორინგის ჯგუფი, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაცია, ავრცელებს. ორგანიზაციის თანახმად, პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში დემონსტრაციების დროს 618 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის ამ რაოდენობას არ ადასტურებს სამხედრო ხუნტა. ხუნტის წარმომადგენელის თანახმად, დაიღუპა 248 სამოქალაქო პირი და 16 პოლიციელი.

სამხედრო ძალების ცნობით, საპროტესტო აქციების რაოდენობა მცირდება, რადგან ხალხს მშვიდობა სურს. ხუნტა პირობას დებს, რომ მომავალ ორ წელიწადში ახალ არჩევნებს ჩაატარებს.

პროტესტი მიანმარში უკვე 2 თვეზე მეტია, გრძელდება.

პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო იარაღს იყენებენ.

ორგანიზაცია პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600 ადამიანზე მეტი დააკავეს.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული სანქციები დაუწესეს.

27 მარტი მიანმარის პროტესტების ყველაზე სისხლიანი დღე იყო. მიანმარში უშიშროების ძალებმა 100-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ძალადობამ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

დემონსტრანტების დაღუპვის გამო აშშ-მ შეძრწუნება გამოთქვა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და ხუნტის მმართველობას "ტერორის რეჟიმი" უწოდა:

"შეძრწუნებული ვართ სისხლისღვრით, რომელიც მიანმარის უშიშროების ძალებმა ჩაიდინეს. ეს აჩვენებს, რომ სამხედრო ხუნტა მზადაა, ერთეულების ინტერესებისთვის ადამიანების სიცოცხლე გაწიროს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მიანმარის მამაცი ხალხი უარყოფს სამხედროების ტერორის რეჟიმს".

12 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სამხედრო ძალების ძალადობა დაგმეს.

"პროფესიონალი სამხედრო ძალები საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იქცევიან და პასუხისმგებლები არიან იმ ხალხის დაცვაზე, რომელსაც ემსახურებიან, და არა მათ დაზარალებაზე. [...] დაჟინებით მოვუწოდებთ მიანმარის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტონ ძალადობა და იმუშაონ, რათა დაიბრუნონ ხალხის პატივისცემა და ნდობა, რომელიც თავისი მოქმედებების შედეგად დაკარგა". – ნათქვამია განცხადებაში.

მიანმარში ევროკავშირის დელეგაციამ თქვა, რომ შაბათი, შეიარაღებული ძალების დღე, სამუდამოდ დარჩება ისტორიაში,  "ტერორისა და სირცხვილის" დღედ.

კომენტარები