დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Conflict Intelligence Team: რუსული სამხედრო ძალები უკრაინის მოსაზღვრე ოლქში დაბანაკდნენ

რუსული სამხედრო ბანაკის ფოტოები, რომლებიც CIT-ი აქვეყნებს
Conflict Intelligence Team

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის (CIT) ცნობით, რუსული სამხედრო ძალები ვორონეჟის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში სამხედრო ბანაკში არიან კონცენტრირებულები. Conflict Intelligence Team-ი რუსლან ლევიევის მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფია, რომელიც უკრაინასა და სირიაში სამხედრო კონფლიქტებს იძიებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული სამხედრო ტექნიკის ფოტო- და ვიდეომასალის Google Street View-ში და Яндекс.Карт-ში არსებული ლოკაციების ფოტოების შედარებით გამომძიებლები ამბობენ, რომ სამხედრო ტექნიკა ვოროჟენის რაიონში ორ სადგურში შედის, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სამხრეთით სამხედრო პოლიგონის, პოგონოვოსკენ მიემართება.

მოცემული ვიდეოდან კადრები CIT-ის  გამომძიებლებმა Google-ისა და იანდექსის საძიებო სისტემებში ლოკაციების არსებულ ფოტოებს შეადარეს.

CIT-ი წერს, რომ უშუალოდ სამხედრო ბანაკის ფოტოების გეოლოკაცია ვერ დაადგინა და ივარაუდა, რომ სამხედრო ბანაკი პოგონოვოს პოლიგონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. საგამოძიებო ჯგუფის მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, Bellingcat-ის გამომძიებელმა და New York Time-ის ჟურნალისტმა გამოაქვეყნეს თანამგზავრიდან გადაღებული პოგონოვოს სურათები. Bellingcat-ის გამომძიებელმა ერიკ ტოლერმა გამოქვეყნა 26 მარტის და 4 აპრილის და 2 და 6 აპრილის ფოტოები, რომელთა შედარების შემდეგ ჩანს ტერიტორიაზე ახალი ბანაკების გაჩენა.

New York Time-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ტიბერტმა გამოაქვეყნა მაღალი გარჩევადობის თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, რომლებზეც ჩანს სამხედრო ტექნიკის "ასობით ერთეული"

CIT-ი წერს, რომ გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც ამტკიცებს სამხედროების დისლოკაციის შესახებ ვოროჟენის ოლქის ქალაქ ოსტროგოჟსკის ახლოს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 150 კილომეტრითაა დაშორებული.

ვოროჟენის ოლქი არ ესაზღვრება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას. ამ ფაქტზე დაყრდნობით CIT-ი აღნიშნავს, რომ უკრაინული მხარის მხრიდან "შეტევის" შემთხვევაში, რომელზეც სეპარატისტული რეჟიმები საუბრობენ, "სეპარატისტული ფორმირებების მხარდაჭერისთვის უფრო ლოგიკური იქნებოდა მათი [სამხედრო ძალების] განლაგება როსტოვის ოლქში". CIT-ი ვარაუდობს, რომ სამხედრო ძალების ასეთ განლაგებას აქვს "უფრო მეტად შეტევითი ხასიათი, ვიდრე თავდაცვითი". თუმცა გამოცემა წერს, რომ "ცალსახად ვერ დაიწყებს მტკიცებას, რომ რუსეთის ჯარები გარდაუვლად შეიჭრებიან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე".

აქამდე CIT-ი წერდა, რომ რეგიონში რუსული ჯარების კონცენტრაცია 2014-2015 წლების შემდეგ მაქსიმალურია. იმ პერიოდში აღმოსაველთ უკრაინაში, დონბასში კონფლიქტი აქტიურ ფაზაში იყო, თუმცა 2014-2015 წლებში რუსული სამხედრო ბანაკები უკრაინის საზღვრებთან გაცილებით უფრო ახლოს იყო. საგამოძიებო ჯგუფი წერს, რომ რეგიონში მობილიზებულია სხვადასხვა ოლქების სამხედრო ნაწილები, რაც ლოკალური წვრთნების დროს არ ხდება, ხოლო უახლოესი სტრატეგიული სამხედრო წვრთვნები, რომლითაც სამხედროების ასეთი მასშტაბური გადაადგილება შეიძლება აიხსნას, სექტემბერში უნდა გაიმართოს.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები