მეწყერი

კალაძე მეწყერზე: აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება, ჩვენი ზედამხედველობით ჩაატარეთ კვლევა

თბილისის მერია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და თქვა, რომ კვლევის ჩატარება ტერიტორიაზე ყველას შეუძლია მერიის ზედამხედველობის ქვეშ და აქ "ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება".

"ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ, არავის ვებრძვით და არავის წინააღმდეგ გამოვდივართ, მაგრამ, როდესაც იტყუები, მოსახლეობა შეგყავს შეცდომაში, პანიკას თესავ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ვისაც მართლა ინტერესი აქვს, მობრძანდით, ბატონო, და დაათვალიერეთ, ნახეთ რა სამუშაოები ტარდება, თქვენ გინდათ კვლევების ჩატარება? ჩაატარეთ, ოღონდ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ, აქ ბარდაგი და ბალაგანი ვერ იქნება და მაგას ჩვენ არ დავუშვებთ. თუ რეალურად გინდათ, იყოთ თანამონაწილე, ჩაატაროთ კვლევები, რა თქმა უნდა, უნდა გვაჩვენოთ ყველაფერი, რა კვლევებს ატარებთ, რა აპარატურად იყენებთ, ჩვენი ზედამხედველბის ქვეშ, არავის არანაირი პრობლემა არ შეექმნება", - ამბობს კახა კალაძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ თქვა, რომ მაჭავარიანის მეწყერს სეისმური მონიტორინგის ცენტრი აღარ დააკვირდება, რადგან კომპანიამ, რომელმაც საკითხზე მუშაობა დაიწყო, მათ მონიტორინგის სისტემა გაუნადგურა.


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და, შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

კომენტარები