ბულგარეთი

ბულგარეთის არჩევნებში პრემიერმინისტრ ბორიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს

დუპნიცა, ბულგარეთი. 2021 წლის 2 აპრილი.
REUTERS

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ბორიკო ბორისოვის, პარტია GERB ლიდერობს. ამჟამინდელი ინფორმაციით, დათვლილია ხმების 67% და ბორისოვის პარტია 25.6%-ით ლიდერობს, თუმცა პარტიას კოალიციის შექმნა შესაძლოა გაუჭირდეს. 

მეორე ადგილზეა ტელეწამყვანის, სლავი ტრიფონოვის, ახლადშექმნილი პარტია არის ასეთი ხალხი 18.3%-ით. თავისი შოუთი ის ხშირად აკრიტიკებდა მთავრობას. პარტია გასული წლის აქციების დროს მალევე შეიქმნა. ტრიფონოვის თქმით, ის ეწინააღმდეგება ნებისმიერ კოალიციას ქვეყნის ძირითად პარტიებთან. ტრიფანოვს უკრაინის პრეზიდენტს და ყოფილ კომიკოსს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც ადარებენ. 

შემდეგ მოდის სოციალისტები 14.9%-ით. აქციებზე მხარდაჭერილ პარტიებს, დემოკრატიულ ბულგარეთს აქვს 10.3% და პარტიას გამოდი! მაფია გარეთ! კი - 5%. პარტიას მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის, ამჟამინდელი ინფორმაციით, ამომრჩეველთა 9%-მა დაუჭირა მხარი. ბულგარეთის ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ამჟამად ბოიკოს პარტიის კოალიციური პარტიაა, 3.6%-მა დაუჭირა მხარი. 

არჩევნების საბოლოო შედეგები 7 აპრილს იქნება. 

ბულგარეთში პანდემიის მართვის მხრივ ამჟამად გაუარესებული მდგომარეობაა, ქვეყანაში საავადმყოფოები სავსეა. თუმცა, არჩევნების წინ მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა - დაშვებულია ღია რესტორნები, კინოთეატრები და ასევე სპორტული დარბაზების მუშაობა, სადაც მომხმარებლის 30%-ზე მეტს არ დაუშვებენ. 5 აპრილს საბავშვო ბაღებიც გაიხსნა. 

ბორისოვის მთავრობის დროს ბულგარელების საშუალო თვიური ხელფასი 36%-ით გაიზარდა ($ 882-მდე) და ქვეყანამ დიდი სახელმწიფო ვალი არ დაიდო. 

თუმცა, გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციები იმართებოდა. ათასობით მომიტინგე მთავრობასა და პროკურორს კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების საქმეების გამოძიების განზრახ გადადებაში ადანაშაულებდა და, "სახელმწიფო მიტაცებას" და "მაფიური სტილით მმართველობას" აპროტესტებდა. მომიტინგეები ბორისოვს ქვეყნის ოლიგარქებთან ახლო  კავშირშიც ადანაშაულებდნენ.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის პირობა აქვს დადებული, თუმცა ჯერჯერობით კორუფციის ბრალდებით არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებიათ. ქვეყანაში  სასამართლო სისტემის რეფორმებიც ვერ გაატარეს.

ამავდროულად, 2020 წელს ქვეყანაში პანდემიას ცუდად გაუმკლავდნენ. მთავრობას ასევე ადანაშაულებდნენ, რომ ევროკავშირის დახმარებას იმ ბიზნესებისკენ მიმართავდა, რომლებიც მმართველ პარტიასთან იყო დაახლოებული. 

კომენტარები