ბულგარეთში რეფორმისტი პრემიერმინისტრის, კირილ პეტკოვის მთავრობის დაშლის შემდეგ, ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ბოლო ორ წელში მეოთხე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს ჩანიშნა.
რადევმა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად შრომის ყოფილი მინისტრი, გალაბ დონევი დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რადევი ახალი მთავრობის პრიორიტეტებს შემდეგი კვირისთვის წარადგენს.
ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უკრაინის ომის ფონზე, მზარდ ინფლაციას ებრძვის. მთავრობის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსული გაზის იმპორტის განახლება და ასევე, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის დათბობა, რაც განსაკუთრებით პეტკოვის მთავრობის დროს დაიძაბა.
ჯაშუშობის ბრალდებით, პეტკოვმა 70 რუსი დიპლომატიური თანამშრომელი გააძევა და უარი თქვა რუსული გაზის რუბლში შეძენაზე.
გამოკითხვების მიხედვით, ახალი არჩევნებით ისევ ფრაგმენტული პარლამენტი შედგება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მონაცემების მიხედვით, იზრდება ნაციონალისტური და პრორუსული პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი.