ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა 9 აპრილს დანიშნა დროებითი მთავრობა, რომელსაც ეროვნული აუდიტის სამსახურის პრეზიდენტი, დიმიტარ გლავჩევი უხელმძღვანელებს.
რადევმა ასევე დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, რომელიც 9 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება. ბულგარეთში, სადაც სტაბილური მთავრობის შენარჩუნება ვერ ხერხდება, ეს ბოლო სამ წელიწადში მეექვსე არჩევნები იქნება.
ახალი მთავრობის შეკვრა ბულგარეთში მას შემდეგ გახდა შეუძლებელი, რაც მწვავე მოლაპარაკებების შემდეგ არჩეულმა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ევროკავშირის ყოფილმა კომისარმა, მარია გაბრიელმა პოსტზე უარი თქვა.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა რადევმა გაბრიელის პარტიის ყოფილ წევრს, გლავჩევს დროებითი მთავრობის ფორმირება დაავალა. გლავჩევმა მთავრობის შემადგენლობა გასული კვირის ბოლოს წარადგინა და დროებითმა კაბინეტმა 9 აპრილს დილით სპეციალური ცერემონიის დროს ფიცი დადო.