აშშ-ს ეკონომიკა

აშშ-ს მოსახლეობის 32%-ის აცრის შემდეგ ერთ თვეში 916 000 ახალი სამუშაო შეიქმნა

ჯო ბაიდენი

მარტის თვეში აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა 916 000-ით გაიზარდა, რაც 241 000-ით მეტია, ვიდრე თებერვალში ვარაუდობდნენ. შედეგად, უმუშევრობის დონე აშშ-ში შემცირდა 6%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ბაზარი ნელ-ნელა უბრუნდება პრეპანდემიურ მდგომარეობას.

ამ ნიშნულს უკავშირებენ აშშ-ში ვაქცინირებული მოსახლეობის ზრდასა და ეკონომიკის გახსნას. უფრო ზუსტად, დღიურად ამერიკაში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, აქედან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს უკვე აქვს მიღებული ვაქცინის ორი დოზა. New York Times-ის მიხედვით, მთლიანი მოსახლეობის 32%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა.

ამასთან ერთად, აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა 1.9 ტრილიონ დოლარიან ეკონომიკური დახმარების პაკეტს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ იყო ინიცირებული და ითვალისწინებს COVID-19-ისგან მიყენებული ზარალის შემცირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგ პერიოდში მოსალოდნელია ამ ნიშნულის კიდევ უფრო ზრდა.

შეგახსენებთ, რომ  გასულ აპრილში უმუშევრობის დონემ 14,8%-ს მიაღწია. მიუხედავად მკვეთრი ცვლილებებისა, 6%-იანი უმუშევრობა მაღალია აშშ-სთვის, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის დაწყებამდე ეს რიცხვი შეადგენდა 3.5%-ს. 

ყველაზე დიდი ზრდა შემდეგ სექტორებში გამოვლინდა:

  1. სამშენებლო სექტორი - 110,000 ახალი პოზიცია
  2. დასვენების და მასპინძლობის სექტორი - 280,000 ახალი პოზიცია
  3. ბარები და რესტორნები - 176,000 ახალი პოზიცია

"ეს არის COVID სიტუაციის გაუმჯობესების, უფრო ზუსტად ვაქცინაციისა და კონგრესისგან ეკონომიკური მხარდაჭერის შედეგი". – ამბობს ფედის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი.


კომენტარები