აშშ-ს ეკონომიკა

ბაიდენის ადმინისტრაცია კაპიტალზე მოგების გადასახადის გაორმაგებას გეგმავს

ჯო ბაიდენი
ფოტო Fox News

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადასახადების გაზრდის პოლიტიკა გრძელდება, ამჯერად ახალი ინიციატივა კაპიტალზე დაწესებული მოგების გადასახადის გაზრდას შეეხო. 

ბაიდენის თქმით, მილიონ დოლარზე მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის გადასახადი გაორმაგდება და 20%-დან თითქმის 40%-მდე გაიზრდება. 

კაპიტალის გაზრდილი გადასახადი შეეხება იმ აქტივებს, რომელთაც ინვესტორების ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებენ, მათ შორის: აქციებს, ობლიგაციებისა და ფასიან ქაღალდებს. 

გადასახადი შეეხება მხოლოდ რეალიზებულ მოგებას, ანუ ინვესტორს მისი გადახდა პოზიციის დახურვის შემდეგ მოუწევს. 

ბაიდენის ინიციატივა განსაკუთრებით მწვავედ მიიღეს საფონდო ბირჟებმა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში დაეცა თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი საფონდო ინდექსისა და კომპანიის აქციის ფასი. S&P 500 და Nasdaq-ის ინდექსები თითქმის 1%-ით შემცირდა. 

უოლ სტრიტის მსგავსად, სიახლე კრიპტოვალუტის ბაზარზეც ნეგატიურად აისახა. 24 საათში საათში ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები 10%-ით დაეცა. 

ბაიდენის განმარტებით, გადასახადების გაზრდა ამერიკას Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლასა და საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებაში დაეხმარება. 

გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციას კორპორაციული გადასახადის 21%-დან 28%-მდე გაზრდაც სურს. 

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, გადასახადების ზრდის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, მცირე ბიზნესს, უმცირესობებსა და დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელს დააზარალებს. 

ჯერჯერობით კანონპროექტის ზუსტი დეტალები უცნობია და, პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ დოკუმენტს ის მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს. 
 

კომენტარები