Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 მარტის განცხადებამ, რომლითაც მან აშშ-ს ეკონომიკის რეცესიაში შესვლა არ გამორიცხა, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
9 მარტს ტრამპს Fox News-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, მოელოდა თუ არა ის რეცესიას მიმდინარე წელს, რის საპასუხოდაც ტრამპმა პირდაპირ არ გამორიცხა აღნიშნული.
"ამგვარი რაღაცების წინასწარმეტყველება მძულს. გარდამავალი პერიოდია, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებთ". - თქვა ტრამპმა.
საფონდო ბირჟაზე მკვეთრ ვარდნაში მნიშნველოვანი როლი ითამაშა ტრამპის მუქარებმაც ტარიფების შესახებ. როგორც Reuters წერს, ტარიფებმა ინვესტორები მოსალოდნელი რეცესიით შეაშინა, რის გამოც აშშ-ს საფონდო ბირჟამ აშშ-ს ფლაგმანური ინდექსის, S&P 500-ის გასული თვის პიკის შემდეგ $4 ტრილიონის კაპიტალიზაცია დაკარგა.
ტრამპის ახალმა რეფორმებმა ბიზნესების, მომხმარებლებისა და ინვესტორებს მოლოდინებში ბუნდოვანება გააძლიერა, განსაკუთრებით კანადაზე, მექსიკასა და ჩინეთზე ტარიფების დაწესებითა და დროებით გაუქმების მოულოდნელი გადაწყვეტილებებით.
ბოლო მონაცემებით, S&P 500-ის ინდექსმა 2.7%-იანი ვარდნა განიცადა, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მკვეთრი დღიური ვარდნაა. Nasdaq-ის ინდექსმა კი 2022 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური, 4%-იანი კლება განიცადა. Dow Jones-ის ინდექსი 890 ქულით, ანუ, დაახლოებით 2%-ზე მეტით ჩამოქვეითდა.
დაეცა მრავალი გიგანტი კომპანიის აქციების ფასებიც. სააქციო ფასების ყველაზე დიდი დღიური კლება ილონ მასკის Tesla-მ განიცადა, 15.4%-ით. Nvidia-ს აქციების ფასი 5.1%-ით დაეცა. Apple-მა, Alphabet-მა და Meta-მ 4%-ზე მეტის ვარდნა განიცადეს. Microsoft-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტი, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა.
"ტარიფებზე ლაპარაკი, ბევრი მხრივ, მათ დაწესებაზე უარესია. ტარიფებზე ლაპარაკი, [დაწესებული ტარიფების] გაუქმება, სპეკულაცია და ქაოსი ბუნდოვანებას მხოლოდ ზრდის". - უთხრა CNN-ს საინვესტიციო ოფიცერმა დევიდ ბანსენმა ტრამპის პოლიტიკის შესახებ.





