ვაქცინაცია

ტიკარაძე გარდაცვლილ ექთანზე: არსებული ინფორმაციით, გადაცდომებზე საუბარი გაგვიჭირდება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის შესახებ სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება. თუმცა, მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, გადაცდომებზე საუბარი გაგვიჭირდება. 

"ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია სამხარაულის დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება. ის გახდება ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ ჩვენმა ექსპერტებმა უკვე იმსჯელონ შესაძლო გადაცდომების შესახებ, თუ ასეთი ზოგადად იყო. თუმცა, ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ გარკვეულ გადაცდომებზე საუბარი, ალბათ, გაგვიჭირდება". – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოში 27 წლის ექთანს 18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ განუვითარდა "დაუყოვნებლივი რეაქცია", რაც ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესი მოვლენაა. ექთანი ახალციხიდან თბილისში 18 მარტს გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექთნის გარდაცვალების შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ განცხადება გაავრცელა. ბიუროს ცნობით, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევა, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, ინტენსიურად გრძელება მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.

კომენტარები