მეგი ბაქრაძის საქმე

რეგულირების სააგენტო 28 წლის ექთანზე: ვაგრძელებთ გამოკითხვებსა და დოკუმენტაციის შესწავლას

"ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად ვაგრძელებთ მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას". – 28 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"შესწავლის დასრულების შემდეგ, მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით". – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 მარტს თქვა, რომ დღეს, 29 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში 28 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე საგანგებო სხდომა უნდა გამართულიყო.

"იქნება წარმოდგენილი როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე ექსპერტიზა თავისი დასკვნებით. განვიხილავთ დეტალურად მომხდარ ფაქტს და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის გახდება ცხადი,  თუ რა მოვლენას  ჰქონდა ადგილი". – თქვა ტიკარაძემ.

თუმცა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, "ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევა, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის"

28 წლის ექთანს  ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსის აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები