მეწყერი

"აუცილებელია მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა" – სეისმური ცენტრის ანგარიში

თბილისის მერია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის მეწყრის შეფასების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია მეწყრის გამომწვევ ხელოვნურ თუ ბუნებრივ მიზეზებზე, საველე კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებზე.

მეწყრის გამომწვევ მიზეზებად მაჭავარიანის ქუჩაზე გზის გაფართოების-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის სამუშაობი სახელდება, რომლის დროსაც გაიჭრა ფერდობის ძირში ღრმა სამშენებლო თხრილი და ფერდობის ბუნებრივი საყრდენის ხელოვნურად მოშიშვლებულმა საერთო სიღრმემ მიაღწია, დაახლოებით, 15-20 მეტრს. 

ანგარიშის თანახმად, მაჭავარიანის ქუჩაზე არის ორი ტიპის, ბლოკური და ბრუნვითი-ვარდნითი მეწყერი. პირველს ახასიათებს რამდენიმე დაცურების ზედაპირი და უცაბედი, რთულად პროგნოზირებად მოწყვეტა. ბრუნვითი-ვარდნითი მეწყრის დაცურების მიზეზი კი შესაძლოა იყოს, მიწისძვრა, წვიმა, ფერდობის დატვირთვა და ა.შ.

წყარო: სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

მეწყრის პარამეტრები შემდეგნაირია: 

  • ხილული ფართობი: 50 000 მ²
  • სავარაუდო სიღრმე: 9-18 მ
  • დაძრული მეწყრული სხეულის ხილული სავარაუდო მოცულობა: 800 000 მ³

ანგარიშის თანახმად, ნეგატიური (ექსტრემალური) სცენარით, გამომდინარე იქიდან, რომ მეწყრის უბანში ფერდობის დახრილობა დიდი არაა, სავარაუდოა, რომ მეწყერი შეინარჩუნებს გადაადგილების შედარებით მცირე სიჩქარეს. ვინაიდან, მასა დიდია, მიუხედავად მცირე დახრილობისა, მეწყერი შეიძენს საკმარის სიჩქარეს, რათა გადავიდეს გზის მეორე მხარეს და გავრცელდეს უფრო მეტი აჩქარებით მტკვირს მიმართულებით. მეწყრის უცაბედ დაძვრას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ჭარბმა ნალექმა და მიწისძვრამ, ამიტომ, დასათვლელია, თუ რა მიმართულებით გავრცელდება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება ის.

"ასეთ შემთხვევაში, მეწყერი აზიანებს მაგისტრალური წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს, რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყრის ამგებ ლოდნარე მასას შეერევა, რაც მეწყრის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი. მეწყრულ-ღვარცოფული აქტივობა, სავარაუდოდ, მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას", - წერია ანგარიშში.

წყარო: სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

დასკვნები და რეკომენდაციები: 

  • გოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია;
  • მეწყერის გამომწვევი მიზეზებია: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები (ფერდის დატვირთვა);
  • მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის;
  • მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად, მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები;
  • მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა);
  • მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს;
  • სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად;
  • ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია;
  • ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა;

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები