ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

როგორ გაშუქდა პოზნერის ვიზიტი და პროტესტი რუსულ მედიაში

ვლადიმირ პოზნერი
12 Kanal

საბჭოთა პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს და შემდგომ გამართულ პროტესტს უკვე გამოეხმაურა რუსული მედია.

გამოცემა ვზგლიადის ვებგვერდზე წერენ, რომ ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს "რადიკალური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიდან". გაზეთში ასევე წერენ, რომ ისინი "ფაქტობრივად დევნიან" ვლადიმირ პოზნერს

ვზგლიადი ირწმუნება, რომ სასტუმროსთან შეკრებილები იქ შეჭრას ცდილობდნენ. 

რუსული გამოცემა ასევე წერს, რომ ელენე ხოშტარიამაც, რომელსაც ის მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების (МГИМО) კურსდამთავრებულადაც მოიხსენიებს, მოითხოვა პოზნერის საქართველოდან გაძევება. ამასთან ერთად რუსული გაზეთი აღნიშნავს, რომ მან ცოტა ხნის წინ დააფუძნა პოლიტიკური გაერთიანება დროა, რათა ასევე "გამოააშკარაოს რუსეთთან დაახლოებული პირები".

კიდევ ერთი რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა სპუტინიკი პოზნერის ვიზიტის შემდგომ აქციაზე წერს: "საქართველოში ვლადიმირ პოზნერს პროტესტით "მიულოცეს დაბადების დღე".

სპუტინიკი ირწმუნება, რომ სასტუმროსთან მომიტინგეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. რუსული პროპაგანდისტული გამოცემა აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პოზნერი,  50-მდე მეგობართან და კოლეგასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. სპუტინიკი წერს, რომ უცნობია, რესტორანში "ვახშამზე მყოფ პირებს დააჯარიმებენ თუ არა". 

სპუტნიკში ასევე აღნიშნავენ, რომ პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა და ამავდროულად წერდნენ: "ეს ელენე ხოშტარია იყო 2019 წელს, თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელიც ხელმძღვანელობდა დეპუტატთა ჯგუფს, რომლებიც შეიჭრნენ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში და აიძულეს რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელს, სერგეი გავრილოვი, ტრიბუნა დაეტოვებინა."

რუსული სამთავრობო მედია რია დამატებით წერს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, "ენმ-ს ყოფილ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტის დროს პროვოკაციის გამო".


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები