პოზნერის ვიზიტი

ღარიბაშვილი: პოზნერი ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ს პასპორტით, მას კანონი არ დაურღვევია

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ს მოქალაქეა და მას საქართველოში შემოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. 

მისივე თქმით, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტი, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. 

"ვლადიმირ პოზნერი არის აშშ-ს მოქალაქე და მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი ხასიათის ვიზიტი, ამასთანავე მთავრობის დადგენილების შესაბამისად მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ კოვიდპასპორტები, ასევე უარყოფითი პასუხი პისიარ ტესტზე, შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. 

რაც შეეხება, სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია და მყისიერი რეაგირება ჰქონდათ შესაბამის უწყებებს, დაჯარიმდა როგორც თითოეული ინდივიდი, ასევე დაწესებულება". - ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით, პოზნერის და მისი მეგობრების ქვეყანაში შემოსვლით ისარგებლა ნაციონალურმა მოძრაობამ და "მოვლენები თავიანთი დღის წესრიგში მოაქცია". 

"ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. მოგეხსნებათ ამ ვითარებაში რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტების შემოსვლას. 

ყოვლად დაუშვებელი იყო ნაცმოძრაობის ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს.  კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანათაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია". - ამბობს ღარიბაშვილი. 

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა და თანხმლებმა პირებმა, მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს დილით დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

პოზნერი, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროცესი მოჰყვა.

კომენტარები