კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

მედიაკოალიცია ხელისუფლებას და GNCC-ის: ვითხოვთ შესრულდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

stlucianewsonline.com

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მედიის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების ცვლილებების პროცესი.

მედიაკოალიცია საჯაროდ მოუწოდებს შესაბამის აქტორებს (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და კომუნიკაციების კომისია), წარმოადგინონ ხედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, მედიის თავისუფლება, ბოლო წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არაერთხელ დადგა რისკის ქვეშ. თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მცდელობა არ აღმოჩნდა საკმარისი უარყოფითი ტენდენციების შესაჩერებლად. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის მითითებების ფონზე, სახელმწიფომ აღიაროს მედიის თავისუფლების როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში და შეიქმნას კანონით დადგენილ მკაფიო გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დამოუკიდებლად სარგებლობის მიზნით. მათ შორის:

  • ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი – შეიცვალოს 11 (1) მუხლის და 46 (1) მუხლის დეფინიცია;
  • მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი – გაძლიერდეს თვითრეგულირების ორგანოს მუშაობისათვის საჭირო მექანიზმები;
  • რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი – საქართველომ სარეკლამო ბაზრის რყევებიდან გამომდინარე, გადახედოს საზოგადოებრივი მაუწყებლებში რეკლამის დაშვების გადაწყვეტილებას;
  • ბავშვთა კოდექსი – გადაიხედოს დადგენილი რეგულაციები და დაიწყოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციების აღდგენა;
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა (FOI კანონმდებლობა);
  • აუდიოვიზუალური ჩარჩო ხელშეკრულების იმპლემენტაცია;
  • ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების აღდგენა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტიმულირება;
  • შეწყდეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
  • შეიცვალოს სასამართლოში ფოტო-, ვიდეო- და აუდიოგადაღების წესები.

კოალიციის მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციები ვენეციის კომისიის დასკვნისა და საერთაშორისო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს:

  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციები კვლავაც გამოხატავენ მზაობას, კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების პროცესში.


ვენეციის კომისიის შეფასებით, 2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილება ცუდად მოქმედებს საკუთრების, მედიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.

ვენეციის კომისიამ მოსაზრება 20 მარტს გამოაქვეყნა. მასზე კომისიასთან ერთად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორი მუშაობდა. 

კომენტარები