კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

ვენეციის კომისია GNCC-ზე: ამ ძალაუფლების მქონე სხვა მარეგულირებელი ევროპაში არ გვახსენდება

ვენეციის კომისიის შეფასებით, 2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილება ცუდად მოქმედებს საკუთრების, მედიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.

ვენეციის კომისიამ მოსაზრება 20 მარტს გამოაქვეყნა. მასზე კომისიასთან ერთად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორი მუშაობდა. 

2020 წლის ივლისში ელექტრონული კომუნიკაციების კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, 46-ე მუხლზე დაყრდნობით,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (GNCC) ეძლევა უფლებამოსილება, რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, კომპანიის მიერ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ავტომატურად აღარ შეჩერდება, სპეციალურ მმართველს კი ეძლევა განუსაზღვრელი ძალაუფლება (თავდაპირველ ცვლილებაში მას კომპანიის წილების გაყიდვის უფლებაც ჰქონდა, რაც შემდეგში შეცვალეს). 

ვენეციის კომისიის შეფასებით, სპეციალური მმართველის უფლებამოსილებები (რომელთა შორისაა კომპანიის დირექტორის, აღმასრულებელი წევრებისა და რიგითი თანამშრომლების  დანიშვნა-გათავისუფლება, ფინანსების წარმართვა, ხელფასების გაზრდა-შემცირება, მისი დანიშვნიდან 1 წლით ადრე ხელმოწერილი კონტრაქტების გასაჩივრება ან ანულირება) ადამიანის უფლებათა კონვენციის საკუთრების უფლებასთან მიმართებაში უნდა შემოწმდეს. ამ უკანასკნელში ვკითხულობთ:

  • ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. 
  • ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების, ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. 

მთავარი პრობლემა 46-ე მუხლთან დაკავშირებით, არის ის, რომ დროებით დანიშნულ სპეციალურ მმართველს სხვისი საკუთრების თითქმის აბსოლუტური კონტროლის უფლება ეძლევა. 

კომპანიის მეწილეები, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების მიღმა რჩებიან, ამიტომაც, ვენეციის კომისიის შეფასებით, მიღებული ცვლილება ძალიან ფართო და გადაჭარბებულია. 

“ვენეციის კომისიას მსგავსი ძალაუფლების მქონე სხვა მარეგულირებელი ორგანო კომუნიკაციების სფეროში ევროპის ფარგლებში არ ახსენდება”. – წერია განცხადებაში.

“ეს [სპეციალური მმართველის დანიშვნა] კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ მიზეზით, რომ, როგორც ჩანს, მისი დანიშვნა განსაზღვრული დროით არ ხდება. დელეგაციას აცნეს, რომ ცვლილების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით [სპეც. მმართველის დანიშვნის] ხანგრძლივობა 2 წლის ფარგლებში იყო, მაგრამ 46-ე მუხლში ამჟამად მსგავსი რამ არ წერია”. – ნათქვამია განცხადებაში. 

ვენეციის კომისიის შეფასებით, 46-ე მუხლი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მეშვეობით უნდა შეიცვალოს და ამ კანონში გამოყენებული ტერმინები უფრო მკაფიოდ უნდა განმარტონ.

გაკრიტიკებულია ელექტრონული კომუნიკაციების კანონის მე-11 მუხლის ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს. ვენეციის კომისიის რჩევით, უმჯობესი იქნება, თუკი ეს კანონი გაუქმდება, რადგან მარეგულირებლის გადაწყვეტილების შეჩერება შესაძლებელი გახდეს. 


2019 წელს ნასიბ ხასანოვმა კაუკასუს ონლაინის მესაკუთრე კომპანიის International Online Networks LLC-ის 49%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა. გარიგება ოფშორში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე შედგა.

2019 წლის გაზაფხულზე კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის განახლება მოსთხოვა. ასეთი მონიტორინგი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ხდება.

კაუკასუს ონლაინმა კომისიას დადგენილ ვადებში მიაწოდა ინფორმაცია განახლებული ბენეფიციარების შესახებ, რის შემდეგაც მარეგულირებელმა 2016 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, კაუკასუს ონლაინის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულად კაუკასუს ონლაინი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულია, რომ მარეგულირებელ კომისიას წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარი კომპანიის აქციონერების ცვლილების შესახებ. რადგან კაუკასუს ონლაინს კომისიისთვის ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებია, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

თავის მხრივ, მხოლოდ შეტყობინების მექანიზმი კომისიას ვერ მისცემს საშუალებას გააკონტროლოს საქართველოს იურისდიქციის მიღმა განხორციელებული გარიგებები.

კანონში ამ ბუნდოვანი ჩანაწერის ფონზე, მარეგულირებელი კოპალაძისგან მოითხოვდა, უკან დაებრუნებინა ის შეთანხმება, რაც ოფშორებში შედგა ხვიჩა მაქაცარიასა და ნასიბ ხასანოვს შორის. რევაზ კოპალაძეს ამ შეთანხმებაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მარტივად რომ ვთქვათ, შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ, აიძულონ მფლობელი კომპანიის მესაკუთრეეები, უკან დააბრუნონ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნასიბოვმა წილი მიიღო, მაქაცარიამ კი – თანხა.

კაუკასუსმა სასამართლოს სარჩელით მიმართა. პარალელურად კომპანიას ჯარიმების გადახდა უწევდა.

დავის კულმინაცია 25 ივნისს იყო. როგორც წესი, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, მარეგულირებელი კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იწყებს მსჯელობას. 25 ივნისის სხდომის მონაცემებით, კაუკასუს ონლაინი უკვე სამჯერ დაჯარიმებული და ერთხელ გაფრთხილებული იყო, შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა, ეს არ გააკეთეს, ვინაიდან კაუკასუს ონლაინი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

საქართველოს მობილური და ფიქსირებული ბაზრის 2/3 ამ კომპანიით სარგებლობს, ისევე, როგორც სომხეთის თითქმის 100% და აზერბაიჯანის 60%. კაუკასუს ონლაინი გადამყიდველების საშუალებით ასევე ოპერირებს ახლო აღმოსავლეთშიც. კომპანია ფლობს .Ge დომეინსაც, შესაბამისად, მისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, მითუმეტეს სადავო ნორმის საფუძველზე, კომისიას არ შეეძლო.

აქედან რამდენიმე დღეში კი ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.

ამ საკითხთან დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიაში - ბიზნესრეკეტის ინსტრუმენტი, თუ შესაძლო რუსული ინტერესები – ტელეკომუნიკაციების კანონპროექტი.

კომენტარები