კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

გვარამია: უპრეცედენტო ჯარიმით მიიღეს მთავარის დახურვის გადაწყვეტილება, არ გადავიხდით

"ეს იყო ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 000 ლარი". - ამის შესახებ მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო ჯარიმის თაობაზე. 

გვარამიას შეფასებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. მისივე თქმით, ტელეკომპანია ჯარიმის გადახდას არ აპირებს, გადაწყვეტილებას კი სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

"გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორი კლიპის გამო, პირველი იყო სირცხვილიას კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე იყო კლიპი - კლავს, ციხის ადმინისტრაციაზე. 

აღნიშნმული კლიპები ხელისუფლებამ და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევნის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ვკითხულობ - რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ?! მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი, ფორმალურადაც და მატერიალურადაც მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს - ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება. 

არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა სრული უკანონობის შესახებ ტესტს". - ამბობს გვარამია. 


კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებლის განმარტებით, ვიდეო კლიპი პოლიტიკური შინაარსისაა და, შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიას მისი გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა. 

კლიპში, რომლის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, ქართული ოცნების წევრებისა და ლიდერების ფოტოებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახის გამოსახულება იქმნება. 

კომენტარები