კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

მედიის რეგულირებაზე ბექაურის განცხადება საგანგაშოა – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

იმედი

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივას ეხმაურება, რომელსაც მედიისთვის, კერძოდ კი ტელევიზიისა და რადიოსთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება სურს.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ კახა ბექაურის ეს განცხადება საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს. 

ორგანიზაციის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია მედია კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს და მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებაზე. კომისიას ამ რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოჰყავს, თუმცა, კოალიციის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემოსა და პოლიტიზებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ რეალურად მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. 

"სამწუხაროა, რომ მარეგულირებელი იმეორებს ქართული ოცნების რიტორიკას კრიტიკური მედიის წინააღმდეგ და კომისიის მოწოდება მედიის დარეგულირების შესახებ პირდაპირ თანხვედრაშია მმართველი პარტიის გაცხადებულ მიზნებთან თუ ინიციატივებთან. კომისიის გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური კრიტიკის საფუძველი.

ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს მთავარი წყარო არა მედია, არამედ პოლიტიკური ძალებია, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს მმართველი პარტია თამაშობს. ქართულ მედიაში არსებული გამოწვევების დაძლევის რეალურ გზა კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება ნამდვილად არ არის, რაც ხელისუფლების ორგანოებს თუ მარეგულირებელს ზეგავლენის ახალ ბერკეტს მისცემს და კიდევ უფრო დაამძიმებს მედიაგარემოს.

ქართული ოცნება წლებია, მედიის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, რაც ძირითადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული. შემთხვევითი არ არის, რომ შიდა დეზინფორმაციული კამპანიის თავდასხმის მთავარი ობიექტებიც სწორედ კრიტიკული ჟურნალისტები არიან. ჟურნალისტების დისკრედიტაციის და დაშინების არაერთი მაგალითი არსებობს. ხელისუფლება განაგრძობს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს და მონაწილეობას არ იღებს მათ პოლიტიკურ გადაცემებში, რაც ხელს უშლის მედიას საქმიანობაში და მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას გაეცნოს განსხვავებულ პოზიციებს.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მედიის მიერ შესაძლო პროფესიული სტანდარტების გადაცდომაზე რეაგირების გზა არსებული თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ხელისუფლების და კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი სრულიად საპირისპიროა. იქმნება ე.წ. პარალელური ინსტიტუტები და, მაგალითად, გაცხადებული მიზნის საპირისპიროდ, როგორიცაა მედია წიგნიერების ხელშეწყობა, კომისია კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ახორციელებს.

დღევანდელი ქართული მედიაგარემო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც კრიტიკული მედიის მფლობელის, მენეჯერისა თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივები, ათობით ჟურნალისტი ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ტოტალური უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლების მხრიდან არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ჯანსაღი მედიაგარემოს შესაქმნელად.

სახელმწიფო უწყებების სრული პოლიტიზირებისა და მათზე მმართველი პარტიის ზეგავლენის ფონზე, საკანომდებლო ცვლილებები, რომელიც მარეგულირებელს ან სხვა სახელმწიფო უწყებას დამატებით ბერკეტს მისცემს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს". – წერს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. 

კომენტარები