ვაქცინაცია

გაბუნია: PFIZER-ის ფლაკონი არ გაიხსნება, თუ რიგში 6 ადამიანი არ იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კლინიკებში Pfizer-ის ვაქცინის ფლაკონი არ გაიხსნება, თუ აცრის გაკეთების რიგში 6 ადამიანი არ იქნება.

"დოზების გატანა მოხდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, ვიცით, რომ 6 ადამიანის აცრა არის შესაძლებელი ერთი ფლაკონით, როცა AstraZeneca-თი არის 10 ადამიანის აცრა. ამდენად, 6 ადამიანი თუ არ იქნება რიგში, ისე Pfizer-ის ფლაკონი, რა თქმა უნდა, არ გაიხსნება და იგივე შეეხება AstraZeneca-ს. ამას გააკონტროლებენ ძალიან მკაცრად კლინიკები". - ამბობს თამარ გაბუნია.  


დღეს, 25 მარტს, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა შემოვიდა. Pfizer-ით აცრის გაკეთება სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შეასძლებელი. AstraZeneca-ს 43 200 დოზა კი საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. 25 მარტის დილის მონაცემებით, აცრილია 4 152 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალის გარდა, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც შესაძლებელია. აცრის მსურველს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის. 

Pfizer-ის ეფექტიანობის გასააქტიურებლად, AstraZeneca-ს მსგავსად, 2 აცრაა საჭირო. Pfizer-მა Covid-19-ის ვაქცინის გამოცდა 95%-იანი ეფექტიანობით დაასრულა.

კომენტარები