ვაქცინაცია

რომელ კლინიკებში იქნება შესაძლებელი PFIZER-ის ვაქცინის გაკეთება – ტიკარაძის განმარტება

ფოტო: Dado Ruvic , Reuters

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომელ კლინიკებში იქნება შესაძლებელი Pfizer-ით ვაქცინაცია. 

ტიკარაძის თქმით, ვაქცინები სამი დიდი ქალაქის ექვს კლინიკაში იქნება გადანაწილებული. ერთი კლინიკა, რომელშიც Pfizer-ით აცრას შეძლებთ, ბათუმშია, ერთ - ქუთაისში, ოთხი კი თბილისში.  

თბილისში Pfizer-ით ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება:

  • ბოკერიას კლინიკაში
  • რესპუბლიკურ საავადმყოფოში
  • კავკასიის მედიცინის ცენტრში
  • ამტელის კლინიკაში

ბათუმში: 

  • რესპუბლიკურ საავადმყოფოში

ქუთაისში:

  • ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკაში  

ტიკარაძე ასევე ამბობს, რომ შემოსულ 29 500 დოზას გაყოფენ და ის 14 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება გამოყენებული - ისინი მეორედ აცრისთვის Pfizer-ის დამატებითი დოზების შემოსვლას არ დაელოდებიან და "რისკი არ შეექმნებათ".

"ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 000 პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრულია პირველი ვაქცინის შემდეგ 3-დან 4 კვირაში მეორე დოზის გაკეთება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც AstraZeneca-ს შემთხვევაში, მეორე ნაკადზე დალოდება და, შესაბამისად, რისკი არ შეექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს ამით". - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.


საქართველოში ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალის გარდა, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც შესაძლებელია. აცრის მსურველს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის. 

Pfizer-ის ეფექტიანობის გასააქტიურებლად, AstraZeneca-ს მსგავსად, 2 აცრაა საჭირო. Pfizer-მა Covid-19-ის ვაქცინის გამოცდა 95%-იანი ეფექტიანობით დაასრულა.

კომენტარები