COVID-19-ის ვაქცინა

Pfizer-მა Covid-19-ის ვაქცინის გამოცდა 95%-იანი ეფექტიანობით დაასრულა

ამერიკულ კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად განვითარებულ ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე გვიან ეტაპზე ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ ის 95%-ით ეფექტიანია. კომპანიაში ასევე თქვეს, რომ მათ აქვთ საჭირო 2-თვიანი უსაფრთხოების მონაცემები და მომდევნო დღეებში მის საგანგებო ავტორიზაციაზე განაცხადებენ. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, განვითარებული ვაქცინა თავსებადია ასაკობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით და მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს - ნიშანი იმისა, რომ მისი გამოყენება, შესაძლოა, მსოფლიოში ფართოდ იყოს შესაძლებელი. 

65 წელს გადაცილებული პირებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს წარმოადგენენ, ვაქცინა 94%-ით ეფექტიანია. 

კომპანიაში აღნიშნეს, რომ 43 000 მოხალისიდან, რომლებმაც ცდაში მიიღეს მონაწილეობა, დაავადება 170 პირს აღმოაჩნდა. აქედან 162-ს პლაცებო ჰქონდა გაკეთებული, ხოლო რვას ვაქცინა. 10 ადამიანს ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმა დაუდგინდა და აქედან მხოლოდ ერთი იყო ვაქცინით აცრილი. 

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ვაქცინა ორგანიზმისთვის კარგად ასატანია და გვერდითი ეფექტები მეტწილად არის მსუბუქი ან საშუალო, რაც სწრაფად გადის. 

კომენტარები