მეწყერი

კალაძემ ბენდელიანს დაინტერესებული ექსპერტების სამუშაო ჯგუფში ჩართვა დაავალა

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაინტერესებული ექსპერტების მაჭავარიანის მეწყერის გამოსაკვლევად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩართვა დაავალა. ამის შესახებ თბილისის მერმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მე ვიცი, რომ არის გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც, ზოგადად, მეწყრულ ადგილებს სწავლობს თბილისში და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, შესაბამისად, მინდა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ ამ სამუშაო ჯგუფში, ისინი ცუდს არაფერს არ გააკეთებენ, პირიქით,  უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან და ერთობლივი ძალებით რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა". – თქვა კალაძემ. 

კალაძის თქმით, მეწყერი ნახვის შემდეგ ბევრი ადამიანი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობა აქვთ.

"ძალიან ბევრი ადამიანი ადის, ნახულობს, ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, რომ არ შევუშვათ ადამიანები, იმიტომ, რომ იქედან ჩამოსული ადამიანები ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და აქვთ მცდელობა პანიკა დათესონ საზოგადოებაში. თუ მათ რეალურად გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა, ირაკლი ბენდელიანს აქვს დავალებული ჩაგრთოთ ამ სამუშაო ჯგუფში და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს დღეს და ზოგადად, რომ ეს პრობლემა იქნას მოხსნილი". – თქვა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთვნენ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები