ვაქცინაცია

რა რისკებთან ასოცირდება ვაქცინაციის შეფერხება და რა ვიცით გართულებებზე

ვაქცინების მიმართ ნდობის დაკარგვა მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დეზინფორმაციას ინტერნეტის ყველა კუთხე-კუნჭულში ვაწყდებით. 

მასიური ანტიკამპანიის ფონზე, მარტის დასაწყისში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. მიზეზი რამდენიმე პაციენტში აცრის შემდეგ განვითარებული თრომბი გახდა, რაც, კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევაში, ლეტალურად დასრულდა. ქვეყნების ოფიციალ\

რი პირების განცხადებით, ვაქცინაცია მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეჩერდა. თუმცა, საკითხავი ისაა, რა უფრო საფრთხილოა – ვირუსი თუ ვაქცინა?!

ასტრაზენეკას ვაქცინა პირველად ნორვეგიამ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 4 ადამიანში აცრის ფონზე თრომბი გამოვლინდა. ნორვეგიას, ანალოგიური მიზეზებით, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ევროპის სხვა, მინიმუმ 16 ქვეყანა მიჰყვა. იმუნიზაციის პროცესის შეჩერებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ევროპის სამედიცინო სააგენტოსა და ბრიტანეთის მარეგულირებელ ორგანოებში. მათი გზავნილი ცალსახა იყო – ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! 18 მარტს ევროპის სამედიცინო სააგენტომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღინიშნა, რომ ვაქცინის სარგებელი მისი გამოყენების რისკებს მნიშვნელოვნად აღემატება და რომ "არ არსებობს მინიშნება, რომ ეს პრობლემა ვაქცინამ შექმნა“. ამას გარდა, აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევების მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია კოვიდ-19-ით გამოწვეული, პოტენციურად მომაკვდინებელი გართულებების წინააღმდეგ. კვლევის მიხედვით, ვერც ის დადასტურდა, რომ ვაქცინა სისხლში თრომბის წარმოქმნას იწვევს. 

ამ ამბავში მთავარი პრობლემა უბრალო კავშირსა და მიზეზშედეგობრიობას შორის განსხვავების დადგენაა. კავშირი, იგივე კორელაცია, არ ნიშნავს, რომ ერთი მოვლენა მეორეს იწვევს. მაგალითად, გრაფიკზე მოცემულია ორი სიდიდე დროთა განმავლობაში – ფილმების რაოდენობა ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აუზში ჩავარდნის შედეგად დაიხრჩვნენ. მიუხედავად გასაოცარი კავშირისა, სისულელე იქნება იმის მტკიცება, რომ ნიკოლას ქეიჯის კარიერული გადაწყვეტილებები ადამიანების დახრჩობას იწვევს ან პირიქით.

Tylervigen

ევროპის სამედიცინო სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტისთვის ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილ 5 მილიონამდე ევროპელში სულ 30 "თრომბოემბოლიური მოვლენა" იყო გამოვლენილი. რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ იმუნიზებულ პოპულაციაში თავისუფლად მოიძებნება სხვა 30 ადამიანი, რომელსაც მოულოდნელად დაეწყო წელის ტკივილი, გამოუვლინდა სიმსივნის რემისია, ასტკივდა კბილი ან, სულაც, დაეჯახა მანქანა. რამდენად ლოგიკური იქნება, რომ აცრილი ადამიანების უბედური შემთხვევებით გარდაცვალების გამო ვაქცინაცია შევაჩეროთ? დაახლოებით ამავე დონის კორელაციაზეა საუბარი ამ მოვლენების ირგვლივაც – კვლევებით დგინდება, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხოა და იშვიათი, მინიმალური, უმთავრესად უსაფრთხო გვერდითი მოვლენები ახასიათებს.

კერძოდ, კლინიკური ცდების დროს, ცდისპირების 38%-ს მინიმუმ ერთი გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა, რაც, ძირითადად, ინექციის ადგილის შეშუპებას, თავის ტკივილს და დაბალ ტემპერატურას გულისხმობს. ეს ყველაფერი უკვე მოსმენილი გვაქვს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული სიმპტომები იმ ადამიანების 28%-შიც გამოვლინდა, რომელთაც პლაცებო მისცეს! მძიმე გართულებები ორივე ჯგუფში გამოვლინდა და ცდისპირთა 1%-ზე ნაკლები შეადგინა. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოემბოლიოზს შორის გარკვეული მიზეზშედეგობრიობა მართლაც არსებობს, კორონავირუსი ბევრად უფრო საშიშ, პოტენციურად მომაკვდინებელ ალტერნატივად რჩება. მითუმეტეს მაშინ, როცა ადამიანები რეგულარულად მიმართავენ სისხლის შედედების გამომწვევ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა თვითმფრინავით გადაადგილება, მოწევა, მავნე საკვების მიღება და ა.შ.

მეტიც, 22 მარტისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის სიკვდილიანობა(დახურული შემთხვევებიდან) 2.20%-ს უტოლდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასტრაზენეკათი აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან თრომბი 30-ს განუვითარდა, არათუ სიკვდილის, არამედ მძიმე გართულების რისკიც კი, ამ ვაქცინის შემთხვევაში, 0.0006%-ს არ აღემატება. 

19 მარტის მდგომარეობით, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლიტვამ, ლატვიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე დაადასტურეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის პროცესი ისევ აღდგება. ოფიციალური პირების თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირისა და ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოების ოფიციალური დასკვნებითაა განპირობებული. განა ვინმე განსხვავებულ დასკვნას ელოდა?  

რა მივიღეთ იმუნიზაციის პროცესის 2-კვირიანი შეჩერებით? ბოლო პერიოდში, ევროპაში ე.წ. მესამე ტალღის ნიშნები ვლინდება, იზრდება ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი, სიკვდილიანობა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. ვაქცინაციის შეფერხების გამო უამრავი ადამიანი დარჩა საკუთარი იმუნიტეტის და ბედის ანაბარა, თანაც, სწორედ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის საბაბით. მეორე მხრივ, ყველასთვის ნათელია, რამხელა უნდობლობა გაჩნდა ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ, რაც, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს დარჩება და იმუნიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებს. 

საქართველოში ვაქცინების, განსაკუთრებით კი ასტრაზენეკას მიმართ, ფართო უნდობლობა ფიქსირდება. NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53% კორონავირუსის ვაქცინის აცრას არ გაიკეთებდა, აცრას 35% გაიკეთებდა, 12% პასუხობს, რომ არ იცის. კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, 48% პასუხობს, რომ ვაქცინის ხარისხს არ ენდობა. აღნიშნულ ფაქტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში "ძალიან აგრესიული კამპანია" არ ყოფილა, რაც ვაქცინაციის პროცესისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. 

 

კომენტარები