კორონავირუსი

ანგელა მერკელი: AstraZeneca-ს ვაქცინით ავიცრებოდი

ანგელა მერკელი
GETTY IMAGES

19 მარტს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ შემოთავაზების შემთხვევაში, ის AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრებოდა.

"დიახ, ავიცრებოდი AstraZeneca-ს ვაქცინით". - თქვა მერკელმა პრესკონფერენციაზე. 

მან ასევე აღნიშნა - "მინდა, დაველოდო მანამ, სანამ ჩემი ჯერი მოვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში [ავიცრებოდი]".

გერმანიამ AstraZeneca-თი აცრა 19 მარტს განაგრძო. ბადენ-ვიურტემბერგის პრემიერი, ვინგფრედ კრეშმანი AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. 

"გქონდეთ ნდობა, აიცერით". - მან მოსახლეობას მიმართა. 

ამავდროულად, იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ თქვა, რომ ის AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება.

19 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ჟან კასტე.

18 მარტს ევროპის მედიცინის სააგენტომ თქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი არ დასტურდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. 

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს.

ლიტვამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე დაადასტურეს, რომ AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი ისევ აღდგება

კომენტარები