კორონავირუსი

Pfizer-ის CEO: ვირუსი წლების განმავლობაში დარჩება, თუმცა შეზღუდვების დაწესებას აღარ გამოიწვევს

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, სავარაუდოდ, კორონავირუსი ჩვენთან მომდევნო წლების განმავლობაშიც დარჩება, თუმცა, ამჟამინდელი ტალღა იქნება უკანასკნელი, რომელიც შეზღუდვების დაწესებას გამოიწვევს. ამის შესახებ ის ფრანგულ ტელეკომპანია BFM TV-ს ესაუბრა.

გარდა ამისა, ბურლამ ვაქცინაციის ეფექტურობაზე და ბუსტერ დოზების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთება ადამიანებს მომავალშიც დასჭირდებათ.

"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა Pfizer-ის ვაქცინის სამი დოზა გაიკეთონ. ამასთან, სავარაუდოდ, ადამიანებს ბუსტერ დოზის მიღება ყოველწლიურად მოუწევთ, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კი ბუსტერ დოზის გაკეთება 4 თვეში ერთხელ შეეძლებათ". - თქვა ბურლამ.

Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტის, Paxlovid-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ბაზარზე გამოჩენა "ყველაფერს ცვლის". ბურლას თქმით, Paxlovid-ის გამოყენებამ დეკემბერში რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები, 90 %-ით შეამცირა.

კომენტარები