პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას

"კარგი ამბავი არის ის, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეხვედრა არ მოხდება".- ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. 

ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. მისივე თქმით, ოპოზიცია რაციონალური კომპრომისისთვის მზადაა. 

"ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ძირითად საკითხებს. სიტუაცია მარტივი არ არის. შეიძლება ჩვენი შეხვედრა უკვე იყოს ხვალ და არა დღეს. გაერთიანებული იქნება თუ ცალკე.. არის ბევრი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ უახლოეს დღეებში პროცესის დასრულებამდე უნდა მივიდეთ".- ამბობს ვაშაძე. 

მისივე თქმით, შეთანხმება რაზე მოხერხდება, ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "წარმოუდგენელია პატიმრები ისევ ციხეში დატოვონ". 

"დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას. ევროკავშირისთვის ერთია, რომ საქართველოს შიდა სტაბილიზაცია უნდა მოხდეს, ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ შეგახსენებთ შარლ მიშელის ნათქვამს წინა ვიზიტზე, რომ ახლო პერიოდში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები რეგიონში, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხერხდეს შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში. ამიტომაც არის ლამის ყოველდღიური, ინტენსიური ჩართულობა".- ამბობს ვაშაძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრები მესამე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 14 მარტს, ირაკლი კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, დისკუსიები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, რომელიც ასოცირების საბჭოს სხდომაზე 16 მარტს უნდა წარდგეს. მისივე თქმით, "ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილები არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული".

ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

 


 

კომენტარები