ჩინეთი

ჩინეთი გეგმის მიხედვით 2021-2025 წლებში "არქტიკის აბრეშუმის გზის" შექმნას აპირებს

ჩინური ყინულისმჭრელი გემის, თოვლის დრაკონის, ჯგუფი ჩრდილოეთის ყინულვან ოკეანეში.

პეკინის 2021-2025 "ხუთწლიანი გეგმის" მიხედვით, ჩინეთი შექმნის "არქტიკის აბრეშუმის გზას" და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას არქტიკისა და ანტარქტიდის რეგიონების განვითარებაში. 

გეგმაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი "ჩრდილოეთ პოლუსთან პრაგმატულ თანამშრომლობაში მიიღებს მონაწილეობას" და "გაზრდის თავის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ პოლუსის დაცვასა და მის გამოყენებაში". არქტიკის რეგიონებში ჩინეთი მომგებიან მინერალურ რესურსებსა და, ასევე, პოტენციურ ახალ სავაჭრო გზებს უმიზნებს.

პეკინმა თავდაპირველად 2018 წელს გამოაქვეყნა თეთრი ფურცელი, სადაც ხაზგასმული იყო მისი გეგმა, შეექმნა ახალი სავაჭრო მარშრუტები, რომლებიც აკავშირებს აზიასა და ევროპას არქტიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის, ჩრდილო-დასავლეთისა და ცენტრალური გასასვლელებით. 

გასული წლის ბოლოს ჩინეთმა 2022 წლისთვის ახალი სატელიტის გაშვებაც დააანონსა, ვაჭრობის მარშრუტების და არქტიკაში ზღვის ყინულის ცვლილებების მონიტორინგისთვის. 

მაშინ ჩინეთმა თავის თავს "არქტიკის მახლობლად" მდებარე სახელმწიფოც უწოდა. ჩინეთის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი 1450 კილომეტრით არის დაშორებული არქტიკისგან.

"არსებობს მხოლოდ არქტიკული და არაარქტიკული ქვეყნები. მესამე კატეგორია არ არსებობს და სხვაგვარად რაიმეზე პრეტენზია ჩინეთს არაფრის უფლებას არ აძლევს" - თქვა 2019 წელს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

მაშინ პომპეომ აღნიშნა, რომ 2012-2017 წლებში ჩინეთმა 90 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ჩრდილოეთის ზღვის გზით სრულად სარგებლობას აპირებს. 

"გვინდა, არქტიკის ოკეანე გარდაიქმნას ახალ სამხრეთ ჩინეთის ზღვად, მილიტარიზაციით და ტერიტორიული პრეტენზიებით?" - იკითხა პომპეომ

2020 წელს ამ საკითხს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც, შეეხო. მან თქვა, რომ ჩინეთი სერიოზული გამოწვევაა ნატოს უსაფრთხოებისთვის:

"ჩინეთი ახალ იარაღში დიდ ინვესტიციას დებს. ის ჩვენ გვიახლოვდება არქტიკიდან და აფრიკიდან. ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ცდილობს სხვა ქვეყნების შევიწროებას".

კომენტარები