ვადამდელი არჩევნები

ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი, ეს საკითხი არ განიხილება

ირაკლი ღარიბაშვილი
Reuters

"წითელი ხაზია, ეს საკითხი არ განიხილება". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას.

"ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. მე გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ავდამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში. 

მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. მე იქ მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტრუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გუშინ, 1 მარტს გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

კომენტარები