პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ექიმი და ნდობით აღჭურვილი პირი ანი ქავთარაძე პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს შეხვდნენ.
ანი ქავთარაძის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის დირექტორი და მთავარი ექიმი დაპირდნენ, რომ ხვალვე ჩაერთვება ელენეს მკურნალი რევმატოლოგი პროცესში და ის მოინახულებს პაციენტს. მისი თქმით, ელენეს მდგომარეობა დამძიმებულია, შესაბამისად, აუცილებელია მკურნალობის დროულად დაწყება.
როგორც ქავთარაძე ამბობს, ხოშტარიას სჭირდება მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სამკურნალო სერვისების მიღება, რაც ციხის პირობებში წარმოუდგენელია.
"მე ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ელენე ხოშტარიას მეგობარი, გულშემატკივარი, როგორც მრავალშვილიანი დედა და როგორც ელენეს მხრიდან ნდობით აღჭურვილი ექიმი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორისგან, ციხის დირექტორისგან და მთავარი ექიმისგან ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს მიღებული პირობა, რომ ხვალვე ჩაერთვება ელენეს მკურნალი რევმატოლოგი პროცესში დაის მოინახულებს პაციენტს აუცილებლად.
მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, რომ 6 დეკემბრის შემდეგ არის დაკარგული არაერთი დღე, წუთი, საათი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო დიაგნოსტირება, საბოლოო დიაგნოზის მიღება და ელენეს მდგომარეობის მართვა, გაუმჯობესება და მკურნალობა, რაც დღეს ჩვენ სამწუხაროდ სახეზე არ გვაქვს. ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად წინა დღეებთან შედარებით, მათ შორის, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და დროული მკურნალობის დაწყება.
ასევე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩემი, როგორც ექიმის, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც იმ დიაგნოზის, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ეჭვი მართვა და მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდან ყველას მოგეხსენებათ, რომ მას აქვს და ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, სხვა არაერთი გადატანილი დაავადება, შესაბამისად, თითოეული აი ამ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ის საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სამკურნალო სერვისების მიღებას, რაც ციხის პირობებში ყოვლად წარმოუდგენელია. ის იტანჯება ტკივილით და მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ძლიერი ქრონიკული ტკივილის, მუდმივი ხასიათი ტკივილის არსებობა და ამავდროულად, ადეკვატური მართვის არარსებობა, შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას, ეს არის წამების ტოლფასი ციხის პირობებში და, შესაბამისად, ეს პრობლემაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაჭრილი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ადგილი ექნება სწორედ შემდგომში ამ ყველაფრის ადეკვატურ მართვას შეთანხმებისამებრ." - განაცხადა ანი ქავთარაძემ.
ადვოკატი შოთა თუთბერიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრას შედეგი ჰქონდა, რადგან მიიღეს პირობა ხოშტარიას მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმის ჩართვის შესახებ და ციხის ადმინისტრაცია გამოხატავას მზადყოფნას, რომ მას ჩაუტარედეს ყველა აუცილებელი მკურნალობა. თუთბერიძის შეფასებით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დღითიდღე უარესდება
"ცხადია, მოხარული ვარ და ერთგვარად მადლობელიც იმისთვის, რომ დევანდელი შეხვედრა შედგა და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შედეგები გვაქვს. შედეგები კონკრეტულად გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ელენეს მკურნალობისა და ჯანმრთელობის შეფასების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში ჩაერთვება ნდობით აღჭურული ექიმი სამოქალაქო კლინიკიდან, რომელიც ისარგებლებს ორივე მხარის ნდობით და ამასთან ,მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა აუცილებელი მკურნალობა მას უნდა ჩაუტარდეს და ციხის ადმინისტრაცია ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად არსებობს დღემდე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავაგვიანეთ ისე, რომ უკვე შეუქცევად შედეგებთან გვქონდეს საქმე, თუმცა ვიზუალური დაკვირვებით მე, როგორც არაპროფესიონალმა ექიმმა, შემიძლია ვთქვა, რომ ელენეს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება ბოლო ვიზიტთან შედარებით და ბოლო საათების განმავლობაშიც კი მისი მდგომარეობა გაუარესებულია.
ასევე დადასტურდა ყველა ის პრობლემა და ყველა ის წუხილი, რომელზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობდით დიდი ხნის განმავლობაში, დაწყებული ჯეროვანი კვლევების არარსებობით, საჭირო მკურნალობის ჩაუტარებლობით, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი შედეგი დღევანდელი შეხვედრისა არის ის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა და ციხის ადმინისტრაციამ გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ ადეკვატური მკურნალობა ელენეს ჩაუტარდეს, რათა ჩვენ არ მივიღოთ, ვთქვათ, სავალალო შედეგები და იმედი მაქვს, რომ ამ პირობას პენიტენციური სამსახური დაიცავს." - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.




