ვადამდელი არჩევნები

მელია: პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, დღეს ქვეყანას რუსული ოცნება მართავს, რომელიც ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს. მელიას განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზის განსამუხტად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია. მან საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო.

"უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი, მოქმედება და აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. ჩვენი სტრატეგიული გეგმაა:

  1.  მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.
  2. უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე მათ ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. მდიდარი სახელმწიფო წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება, ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს. გამარჯვების რწმენა თავდადებითა და შემართებით უნდა გავაჩინოთ.
  3. უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია. აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ დასავლურ გზას გადაუხვია და რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, რომ მათი მხრიდან ასეთი განწყობა არც 2020 წელს და არც 2021-ში არ ყოფილა". - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, დღეს ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს.

"დღეს არის უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა ევროპული იდეის ირგვლივ. მოქალაქეების 70%ზე მეტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ასი ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ქართულ ოცნებას ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც. ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხარდაჭერა 1/3 -ით შემცირდა და საკუთარ ამომრჩეველშიც დაკარგა ლეგიტიმაცია, რადიკალურადაა შეცვლილი სურათი და ესეც კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად". - ამბობს მელია.

მელიას თქმით, ქართული ოცნების სტრატეგიაა, რომ საზოგადოებაში უიმედობა დათესონ და თავი მოგვაჩვენონ ისე, რომ ძლიერები არიან და დაუნდობლად გაუსწორდებიან ყველას, ვინც მათ რეჟიმს დაუპირისპირდება.

"ეს სტრატეგია მათი ბოლო ხავსია, მათი ერთადერთი და უკანასკნელი სტრატეგიაა, სხვა მათ არაფერი დარჩენიათ. ჩვენ მხარესაა მორალური უპირატესობა და აქამდე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა. მთავარია, არ დავიღალოთ, ჩვენი თანმიმდევრულობითა და ორგანიზებულობით, იდეის ერთგულებით, ჩვენი ერთობით, პრინციპულობითა და თავდადებით ჩამოვშალოთ რუსული ოცნება. ჩვენი ბრძოლა არის მართალი და როდესაც ვამბობ ჩვენი, ვგულისხმობ არა საკუთარ თავს, საკუთარ პარტიას ან ოპოზიციას, არამედ ვგულისხმობ თითოეულ ადამიანს, ვისაც უნდა ევროპაში, ხედავს მდიდარ საქართველოს ევროკავშირში და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ უნდა გავხდეთ ამბიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და საიდანაც არ მირბიან. სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები. ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ჩვენ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ახალ შესაძლებლობად და ვადამდელი არჩევნებით შევქმნათ ახალი რეალობა. ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად და ცალ-ცალკე მოგვეცემა საშუალება ავირჩიოთ ევროპა". - ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

კომენტარები