მიანმარი

მიანმარის სამხედრო ხუნტამ აუნ სან სუ ჩის ახალი ბრალდებები წაუყენა

აუნ სან სუ ჩი

პირველი და მეორე ბრალდების შემდეგ მიანმარის დე-ფაქტო ლიდერ აუნ სან სუ ჩის მიანმარის სამხედრო ხუნტამ, რომელმაც ძალაუფლება გადატრიალებით ჩაიგდო ხელში, ორი ახალი ბრალდება წაუყენა. 

აუნ სან სუ ჩის ბრალად ედება მიანმარის კოლონიური პერიოდის კანონის დარღვევა, რომელიც მოსახლეობაში შიშისა და საზოგადოებრივი გაურკვევლობის დანერგვას ეხება, ასევე ტელეკომუნიკაციების კანონის დარღვევა. 

დემონსტრანტები კვლავ ითხოვენ აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას და საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ.

სამხედრო ხუნტამ 28 თებერვალს დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ, რასაც მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მომიტინგეები სხვადასხვა ქალაქებში დაარბია ცრემლსადენი გაზითა და ხმოვანი ხელყუმბარებით. 

პარალელურად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრთა საგარეო საქმეთა მინისტრები სამხედრო ხუნტასთან მოლაპარაკების გამართვას აპირებენ. 

"ერთ მხარეს არის პოლიტიკურ ლიდერთა ჯგუფი, მეორე მხარეს სამხედრო ლიდერთა ჯგუფი. მათ დიალოგი სჭირდებათ და ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით". – თქვა სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან ბალაკრიშნანმა. 


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები