მიანმარი

მიანმარში პროტესტი გრძელდება, აუნ სან სუ ჩის ახალი ბრალდება წაუყენეს

აუნ სან სუ ჩი

მიანმარში დაკავებული ლიდერის აუნ სან სუ ჩის სასამართლო პროცესი დაგეგმილზე ადრე მისი ადვოკატის გაფრთხილების გარეშე დაიწყო. სასამართლოზე მას ახალი ბრალდება წაუყენეს. აუნ სან სუ ჩის ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებული კანონის დარღვევას ედავებიან, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ დაარღვია სუ ჩიმ კანონი. ამ დრომდე ის ქვეყანაში რაციების უკანონოდ შემოტანისა და გამოყენებისთვის იყო დაკავებული. აუნ სუნ ჩის შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ მარტს გაიმართება.

სასამართლო პროცესს მიანმარის უმსხვილეს ქალაქ იანგონში მორიგი მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოსახლეობა სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს და არჩეული ლიდერების, მათ შორის აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვს.

სამხედრო ხუნტამ პირობა დადო, რომ ახალ არჩევნებს დანიშნავდა და ძალაუფლებას დათმობდა, თუმცა არჩევნების ჩატარების თარიღის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. 

აღსანიშნავია, რომ, 13 თებერვლიდან მოყოლებული, სამხედრო ძალებმა მიიღეს ადამიანების დაპატიმრების, 24 საათით დაკავების და ჩხრეკის ჩატარების უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. სამხედრო ძალები ჟურნალისტებისგან ითხოვენ, რომ სამხედრო ხუნტის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას სამხედრო გადატრიალება არ უწოდონ.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი დემონსტრანტი კი, რომელიც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, კრიტიკულ მდგომარეობაშია.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში დაბლოკა Facebook, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად იყენებდა. ამის შემდეგ გაიზარდა Twitter-ის მოხმარება, თუმცა მოგვიანებით ეს სოციალური ქსელიც დაიბლოკა. სამხედრო ძალების წარმომადგენლები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სოციალურ მედიას "მოსახლეობაში გაუგებრობის გამოსაწვევად იყენებენ".

ეს ნაბიჯი დაგმეს როგორც Twitter-ის და Facebook-ის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს წარმოშობს.

ქვეყანაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი და აკრძალულია შეკრებები, თუმცა მრავალათასიანი აქციები გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, სამშაბათს, 9 თებერვალს, დედაქალაქ ნაიფიიდოში პოლიციამ დემონსტრანტი ქალი თავის არეში დაჭრა, კიდევ ერთი კაცი კი გულმკერდის არეშია დაჭრილი. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

2011 წლის შემდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნები მეორე იყო, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბოლო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა მიიღო. აუნ სან სუ ჩის პარტიამ პარლამენტში ადგილების 83% მოიპოვა, სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ კი მხოლოდ 25 ადგილი. სამხედრო ძალების ლიდერებმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიამ უარყო დარღვევების არსებობა.

თავად აუნ სან სუ ჩის არჩევნებში მონაწილეობის და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი უკანასკნელ წლებში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გაერომ გენოციდად შეაფასა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელი გენერლები გენოციდისათვის უნდა გასამართლდნენ, ხოლო აუნ სან სუ ჩიმ და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმარისი არ გააკეთეს მათ შესაჩერებლად.

ჩადენილ დანაშაულთა შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები